ჩეჩნეთი

ჩეჩნეთის ტელევიზიის დირექტორი იმუქრება, რომ მზადაა, რამზან კადიროვის კრიტიკოსები დახოცოს

ჩინგის ახმადოვი და რამზან კადიროვი

ჩეჩნეთის საზოგადოებრივი ტელევიზიის, გროზნის დირექტორმა, ჩინგიზ ახმადოვმა, თქვა, რომ მზადაა, რამზან კადიროვის კრიტიკოსები მოკლას.

ვიდეოში, რომელიც ახმადოვმა თავის Instagram-ში დადო, ის ამბობს, რომ რამზან კადიროვს უჭერს მხარს და კადიროვის მტერი მისი პირადი და ჩეჩენი ხალხის მტერია.

"თუ ვინმეს მოკვლაა საჭირო, ვინც სიკვდილს იმსახურებს, მაშინ მოვკლავთ. თუ ვინმეს ცემაა საჭირო, მაშინ ვცემთ, თუ ვინმესთვის სიტყვის თქმაა საჭირო, ვეტყვით". – ამბობს ახმადოვი.

რამდენიმე დღის წინ ახმადოვმა YouTube-იდან რამზან კადიროვის ცოლების შესახებ გამოცემა Проект-ის საგამოძიებო სიუჟეტის წაშლის მოთხოვნით სასამართლოში სარჩელი შეიტანა. ახმადოვი სიუჟეტში გროზნის საინფორმაციო გამოშვებებიდან კადრების გამოყენებას ასაჩივრებს. გამოცემა Проект-ი ამბობს, რომ კადრების ასეთი გამოყენება რუსეთის კანონმდებლობას არ არღვევს.

კომენტარები