ირანი

რაისი: ჩემი პრიორიტეტი მეზობლებთან ურთიერთობის გაუმჯობესება იქნება

ებრაჰიმ რაისი პრესკონფერენციაზე

ირანის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებული ებრაჰიმ რაისის თქმით, მისი მთავრობის საგარეო პოლიტიკის მთავარი პრიორიტეტი სპარსეთის ყურის არაბულ ქვეყნებთან ურთიერთობის გაუმჯობესება იქნება. თუმცა, პარალელურად, მან საუდის არაბეთს იემენში ინტერვენციის დროულად შეჩერებისკენ მოუწოდა. 

"ირანს მსოფლიოსთან ურთიერთობა სურს... ჩემი მთავრობის პრიორიტეტი რეგიონში მეზობლებთან ურთიერთობების გაუმჯობესება იქნება". – თქვა რაისიმ. 

ებრაჰიმ რაისიმ პრესკონფერენციაზე აშშ-ს სანქციების მოხსნისკენ და ბირთვულ შეთანხმებაში დაბრუნებისკენ მოუწოდა. ასევე მას ჰკითხეს, შეხვდებოდა თუ არა აშშ-ს პრეზიდენტ ჯო ბაიდენს, რაზეც რაისიმ უარყოფითი პასუხი გასცა. ამჟამად მიმდინარეობს მოლაპარაკებები ახალ ბირთვულ შეთანხმებასთან დაკავშირებით.

ებრაჰიმ რაისიმ ასევე ისაუბრა ირანის ბალისტიკური რაკეტების პროგრამაზე და თქვა, რომ ეს საკითხი განხილვისა და მოლაპარაკებების საგანი არ გახდებოდა.

რაისი შეეხო მის წინააღმდეგ არსებულ ბრალდებებსაც.

"მე ყოველთვის ვიცავდი ადამიანთა უფლებებს". – თქვა პოლიტპატიმართა სიკვდილით დასჯაში ბრალდებულმა,ებრაჰიმ რაისიმ. ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც რაისი ბრალდებებს გამოეხმაურა. 

ებრაჰიმ რაისი პრეზიდენტის მოვალეობის შესრულებას აგვისტოდან შეუდგება. 

მრავალი წლის განმავლობაში რაისის ადამიანის უფლებათა დარღვევაში ადანაშაულებდნენ. 2019 წელს ის ქვეყნის ახლანდელმა უმაღლესმა ლიდერმა, აიათოლა ხამენეიმ მაღალი რანგის მოსამართლედ დანიშნა. რამდენიმე თვის შემდეგ აშშ-მ რაისის სანქციები დაუწესა. მიზეზი ადამიანის უფლებათა დარღვევა იყო. ებრაჰიმ რაისის ბრალად ედება 1980-იან წლებში პოლიტიკური პატიმრების სიკვდილით დასჯა, ასევე ის დადანაშაულებულია 2009 წლის საპროტესტო გამოსვლების დაუნდობლად ჩახშობაში.

კომენტარები