აშშ-უკრაინა

აშშ: უკრაინისთვის უსაფრთხოების დახმარების $100 მილიონიანი პაკეტი რეზერვში გვაქვს

თეთრი სახლის ეროვნული უსაფრთხოების მრჩევლის, ჯეიკ სალივანის თქმით, აშშ-ს უკრაინისთვის უსაფრთხოების დახმარების $100 მილიონიანი პაკეტი რეზერვში აქვს და მისი გადაცემა საჭიროების შემთხვევაში მოხდება, თუკი რუსეთი უკრაინის საზღვრებთან კვლავ დაიწყებს ჯარის მოგროვებას.

რამდენიმე დღის წინ გამოცემა Politico-მ დაწერა, რომ აშშ-მ უკრაინას $100 მილიონიანი უსაფრთხოების დახმარების პაკეტი შეუჩერა, მას შემდეგ, რაც ბაიდენ-პუტინის შეხვედრამდე, რუსეთმა თქვა, რომ უკრაინის საზღვრებთან განთავსებულ ჯარს შეამცირებდა.

"ის იქ არის (100 მილიონი რეზერვში) და ეს იცის რუსეთმა, ეს იცის უკრაინამ, მაგრამ ის, რომ ჩვენ თითქოს უკრაინას რაიმე სახის უსაფრთხოების დახმარება შევუჩერეთ, უბრალოდ უაზრობაა". – თქვა სალივანმა სამხედრო დახმარების პაკეტის შეჩერების ინფორმაციაზე.

სალივანის თქმით, დამტკიცებული $275 მილიონიანი უსაფრთხოების დახმარების პაკეტი უკვე გადახდილია, ხოლო დამატებითი $100 მილიონიანი პაკეტი სპეციალური შემთხვევებისთვის იყო გადადებული. 

"როდესაც [რუსეთის] ჯარი [უკრაინის საზღვრებთან ახლოს მდებარე ტერიტორიებიდან] გავიდა, ჩვენ ეს პაკეტი რეზერვში გადავდეთ, იმ შემთხვევისთვის, თუკი მომავალში მისი გამოყენების საჭიროება დადგებოდა". – თქვა ჯეიკ სალივანმა. 

კომენტარები