უკრაინა

უკრაინამ "პუტინის საფულეს", ბიზნესმენ დმიტრო ფირტაშს სანქციები დაუწესა

დმიტრო ფირტაში
TASS

უკრაინამ ბიზნესმაგნატ დმიტრო ფირტაშს რუსეთის სამხედრო სამრეწველო კომპანიებისთვის ნედლეულის, ტიტანის მიყიდვისთვის სანქციები დაუწესა.

უკრაინის პრეზიდენტის საიტზე გამოქვეყნებული განცხადების თანახმად, ფირტაშზე "სანქციების სრული პაკეტი" იმოქმედებს, თუმცა დეტალური ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რა სანქციები დაუწესდება ბიზნესმენს, არ გავრცელებულა.

"სახელმწიფო უშიშროების და დაზვერვის სამსახურის ცნობით, ბიზნესმენის ტიტანის კომპანიები რუსეთის ფედერაციის სამხედრო სამრეწველო კომპანიებს ნედლეულით ამარაგებდნენ" - ნათქვამია განცხადებაში.

დმიტრო ფირტაში უკრაინის ერთ-ერთი უმდიდრესი ადამიანია. პოლიტიკური ანალიტიკოსი ანდრეი პიონტკოვსკი მას "პუტინის საფულეს" უწოდებს. ევრომაიდნის დაწყებამდე ფირტაში იანუკოვიჩის გარემოცვაში საკვანძო მოთამაშე იყო, ხოლო იანუკოვიჩის დამხობის შემდეგ ის ავსტრიაში, ვენაში გაიქცა

დმიტრო ფირტაში ქრთამის მიცემისა და ფულის გამოძალვისთვის აშშ-ს ძებნაში ჰყავს გამოცხადებული. აშშ-ს იუსტიციის დეპარტამენტის შეფასებით ფირტაში რუსეთის ორგანიზებული დანაშაულის ზედა ეშელონებთან დაკავშირებული პირია.

ვიკილიქსის ცნობით, რუსული მაფია სოლნცევოს დანაშაულებრივი სინდიკატის ხელმძღვანელ, უკრაინაში დაბადებულ სემიონ მოგილევიჩთან ერთად, ფირტაში გაზის კომპანია როსუკრენერგოს მეშვეობით რუსული გაზიდან მიღებულ უკანონო შემოსავლებს აკონტროლებდა. ვიკილიქსისვე ცნობით, ამ შემოსავლების გათეთრება ავსტრიული რაიფაიზენ ბანკის მეშვეობით ხდებოდა.

დმიტრო ფირტაში 2014 წელს ვენაში დააკავეს. 2019 წელს ავსტრიის უზენაესმა სასამართლომ მიიჩნია, რომ ის აშშ-ში ექსტრადირებას ექვემდებარება. ფირტაშმა სასამართლოს გადაწყვეტილება გაასაჩივრა. პროცესი ამ დრომდე არ დასრულდება და დმიტრო ფირტაში ავსტრიაში რჩება.

კომენტარები