ირანი

ირანის საპრეზიდენტო არჩევნებში მოსამართლე და სასულიერო პირი, ებრაჰიმ რაისი იმარჯვებს

ებრაჰიმ რაისი

ირანის საპრეზიდენტო არჩევნებში ალი ხამეინის ახლო მოკავშირე, ულტრაკონსერვატორი მოსამართლე და სასულიერო პირი, ებრაჰიმ რაისი იმარჯვებს. არჩევნების საბოლოო შედეგები ჯერ გამოცხადებული არ არის, თუმცა პოლიტიკური ოპონენტები რაისის გამარჯვებას უკვე ულოცავენ.

საარჩევნო კომისიის თანახმად, დათვლილია ხმების 90%. ამომრჩეველთა აქტივობა 48% იყო, რაც მნიშვნელოვნად დაბალია 2017 წლის საპრეზიდენტო არჩევნებთან შედარებით, როდესაც აქტივობა 70% იყო.

ებრაჰიმ რაისიმ 17.8 მილიონი ხმა მოიპოვა, მეორე ადგილზე 3.3 მილიონი ხმით ასევე კონსერვატორი მოჰსენ რეზაი გავიდა. ერთადერთმა მოდერატმა კანდიდატმა აბდოლნასერ ჰემათიმ 2.4 მილიონი ხმა მოიპოვა.

მრავალი წლის განმავლობაში რაისის ადამიანის უფლებათა დარღვევაში ადანაშაულებდნენ. 2019 წელს ის ქვეყნის ახლანდელმა უმაღლესმა ლიდერმა, აიათოლა ხამენეიმ მაღალი რანგის მოსამართლედ დანიშნა. რამდენიმე თვის შემდეგ, აშშ-მ რაისის სანქციები დაუწესა. მიზეზი ადამიანის უფლებათა დარღვევა იყო. ებრაჰიმ რაისის ბრალად ედება 1980-იან წლებში პოლიტიკური პატიმრების სიკვდილით დასჯა, ასევე ის დადანაშაულებულია 2009 წლის საპროტესტო გამოსვლების დაუნდობლად ჩახშობაში.

მნიშვნელოვანია ის გარემოება, რომ ებრაჰიმ რაისის ირანის რევოლუციური გვარდიის კორპუსის დიდი მხარდაჭერა აქვს. ეს არის სამხედრო ორგანო, რომელიც წარსულში არაერთ რეფორმულ ინიციატივას შესწინააღმდეგებია და ახლო აღმოსავლეთში სხვადასხვა შიიტურ დაჯგუფებებს აფინანსებს, მაგალითად, ისეთებს, როგორიცაა ლიბანში მყოფი ჰეზბოლა. 

ებრაჰიმ რაისი ცნობილია საკუთარი ხისტი პოლიტიკით. მისი გავლენის ზრდას შედარებით პრაგმატისტი პოლიტიკოსებისთვის, როგორიც არის ახლანდელი პრეზიდენტი ჰასან რუჰანი, აშშ-ს სანქციების მიერ შესუსტებას მიაწერენ. ჰასან რუჰანი ამ არჩევნებში მონაწილეობას ვერ იღებს, რადგან კონსტიტუციის მიხედვით, მას ამ პოსტის მესამე ოთხწლიანი ვადით დაკავების უფლება არ აქვს.

კომენტარები