ღირსების მარში

"პოლიცია კანონის შესაბამისად იმოქმედებს" – შს მინისტრის მოადგილე ღირსების მარშზე

southpaw2305 / flickr

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე, ალექსანდრე დარახველიძე ამბობს, რომ ღირსების მარშზე, რომელიც Tbilisi Pride-ის ორგანიზებით თბილისში ივლისის დასაწყისში გაიმართება, პოლიცია "კანონის შესაბამისად იმოქმედებს". 

ამის შესახებ ალექსანდრე დარახველიძემ ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტზე რესპუბლიკელების დეპუტატის, თამარ კორძაიას კითხვის პასუხად ისაუბრა. დეპუტატმა დარახველიძეს ჰკითხა, აქვს თუ არა შსს-ს კომუნიკაცია Tbilisi Pride-თან. ალექსანდრე დარახველიძემ თქვა, რომ სახელმწიფო ვალდებულია, უზრუნველყოს ნებისმიერი პირის შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების დაცვა კანონის ფარგლებში. 

"UNDP-ს ჩართულობით გაიმართა შეხვედრა, სადაც ჩვენი წარმომადგენელიც იღებდა მონაწილეობას, სადაც განხილული იყო აღნიშნული საკითხი. ჩვენ მივაწოდეთ ინფორმაცია იმ რისკების შესახებ, რაც ამ ღონისძიების, ღირსების მარშის გამართვას უკავშირდება და ის ინფორმაცია, რაც ჩვენ გაგვაჩნია. მათი მხრიდან, ცალსახად და ერთმნიშვნელოვნად იქნა გაცხადებული, რომ ისინი არ განიხილავენ ღონისძიების არც ლოკაციის შეცვლას, არც რაიმე სახის მოდიფიკაციას. ჩვენ, რა თქმა უნდა, ჩვენი მხრიდან მივაწოდეთ ის ინფორმაცია, რაც გაგვაჩნდა, თუმცა, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ პოლიცია და შინაგან საქმეთა სამინისტრო და სახელმწიფო ვალდებულია, უზრუნველყოს ნებისმიერი პირის შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების დაცვა კანონის ფარგლებში, თუკი იგი არ გასცდება კანონით დადგენილ ნორმებს. ამ შემთხვევაში პოლიცია იმოქმედებს კანონის შესაბამისად". – თქვა ალექსანდრე დარახველიძემ. 

Tbilisi Pride-ის დირექტორის, გიორგი თაბაგარის ცნობით, 5 ივლისს, რუსთაველის გამზირზე, ღირსების მარში გაიმართება. ინფორმაციის გავრცელებისთანავე პრორუსმა ბიზნესმენმა, ლევან ვასაძემ Tbilisi Pride-ს ღონისძიების გასაუქმებლად 10-დღიანი ულტიმატუმი წარუდგინა

18 ივნისს ქართული ოცნების თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ "კონტექსტის" გათვალისწინებით, ორგანიზაციას ღონისძიების ჩატარებაზე უარი უნდა ეთქვას. 

კომენტარები