პენიტენციური დაწესებულებები

ძალადობა, ე.წ. მაყურებლების არაფორმალური მმართველობა – ომბუდსმენის ანგარიში ციხეებზე

საქართველოს სახალხო დამცველმა ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ 2020 წლის ანგარიში წარადგინა. ანგარიშში აღნიშნულია, რომ პენიტენციური სისტემის ფარგლებში, წინა წლების მსგავსად, უმთავრეს პრობლემას წარმოადგენს არსებული არაფორმალური მმართველობა (ე.წ. მაყურებლები), რომელიც, თავის მხრივ, დაწესებულებებში ძალადობრივ გარემოს ქმნის და პატიმართა დიდ რაოდენობაზე ახდენს გავლენას.

2020 წელს სახალხო დამცველის აპარატმა შეისწავლა 2013-2020 წელს მომხდარ ფაქტებთან დაკავშირებული ის საქმეები, სადაც პატიმრების მიმართვის საფუძველზე პროკურატურას მიეწოდა ინფორმაცია როგორც კრიმინალური სუბკულტურის, ისე მათი მფარველი ადმინისტრაციის წარმომადგენლების მიერ შესაძლო დანაშაულების ჩადენის კონკრეტულ ფაქტებზე. ომბუდსმენმა დაადგინა, მიუხედავად იმისა, რომ პატიმრები საგამოძიებო ორგანოებს დეტალურ ინფორმაციას აწვდიდნენ არაფორმალური კრიმინალური მმართველობის სქემის, ჩართული პირების, მათ მიერ ჩადენილი სავარაუდო დანაშაულებრივი ქმედებების (მუქარა, ცემა, გამოძალვა, ეკონომიკური დანაშაულები, მოხელეთა მიერ უფლებამოსილების გადამეტება და სხვ.) თაობაზე, საქართველოს პროკურატურის ორგანოებს და პენიტენციური სამსახურის შიდა მონიტორინგის ორგანოს მსგავს საქმეებზე ეფექტიანი რეაგირებისა და პასუხისმგებელ პირთა დასჯის მოტივაცია არ ჰქონია და მრავალი საპროცესო და საგამოძიებო მოქმედება ჩაუტარებელი რჩებოდა.

"არასათანადო მოპყრობის შემთხვევების აღმოფხვრისა და პრევენციის თვალსაზრისით, ასევე მნიშვნელოვანი გამოწვევაა პატიმართა ხანგრძლივი იზოლირება, რაც გულისხმობს საკანში ხანგრძლივი პერიოდით მარტო განთავსებას. ასევე კვლავ გრძელდება პატიმართა (მათ შორის, არასრულწლოვან ბრალდებულთა) დეესკალაციისა და სამარტოო საკნებში დიდი პერიოდით, ხშირად და დაუსაბუთებლად მოთავსების პრაქტიკა". – ნათქვამია ანგარიშში.

სახალხო დამცველის ცნობით, 2020 წელს ჩატარებულმა მონიტორინგმა კვლავ წარმოაჩინა პენიტენციურ დაწესებულებებში დროული და ხარისხიანი სომატური (ფიზიკური) ჯანმრთელობის დაცვის სერვისების უზრუნველყოფის პრობლემურობა. ასევე, კვლავ გრძელდება პატიმრების სრული შემოწმების პრაქტიკა, რომლის დროსაც პატიმარს სხეულის ყველა ნაწილს ერთდროულად აშიშვლებინებენ და არა ნაწილ-ნაწილ.

სახალხო დამცველის ანგარიშში აღნიშნულია, რომ 2020 წელსაც შენარჩუნებულია ადმინისტრაციული დაკავებისას მოპყრობის გაუარესების ტენდენცია. შესწავლილი საქმეების (463 საეჭვო შემთხვევა) 34.3%-ში გამოიკვეთა დაზიანება დაკავებისას ან დაკავების შემდეგ.

კომენტარები