პენიტენციური დაწესებულებები

პენიტენციური ომბუდსმენს: დაწესებულებებში არანაირი კრიმინალური სუბკულტურა არ არსებობს

სპეციალური პენიტენციური სამსახური სახალხო დამცველის საგანგებო განცხადებას ეხმაურება, რომლშიც ომბუდსმენი დაწესებულებებში კრიმინალური სუბკულტურის არსებობასა და ე.წ. ციხის მაყურებლების მხრიდან სიტყვიერ თავდასხმებზე, მუქარასა და აგრესიაზე საუბრობს. პენიტენციური სამსახურის ცნობით, დაწესებულებებში არანაირი კრიმინალური სუბკულტურა არ არსებობს და უწყების ხელმძღვანელობას არ აქვს არანაირი ბერკეტი, რომ ზეგავლენა მოახდინოს პატიმრების განწყობაზე ომბუდსმენის ან ნებისმიერი სხვა ინსტიტუციისა და კერძო პირის მიმართ.

"სპეციალური პენიტენციური სამსახური განმარტავს, რომ უწყების ხელმძღვანელობას არ აქვს არანაირი ბერკეტი, რომ ზეგავლენა მოახდინოს პატიმრების განწყობაზე ომბუდსმენის, ან ნებისმიერი სხვა ინსტიტუციისა და კერძო პირის მიმართ. თუკი რომელიმე პენიტენციურ დაწესებულებაში ომბუდსმენის მიმართ პატიმრები რაიმე საკითხთან დაკავშირებით გამოხატავენ უკმაყოფილებას, ეს არის მხოლოდ მათი განწყობა და არანაირად არ არის დაკავშირებული, ან მით უმეტეს მართული პენიტენციური დაწესებულებების ადმინისტრაციის მიერ. უფრო მეტიც, ასეთ შემთხვევებში, რა თქმა უნდა, პენიტენციური დაწესებულებების ადმინისტრაციის წარმომადგენლები მაქსიმალურად  იცავენ ომბუდსმენის წარმომადგენლების უსაფრთხოებას და იმედია, ამას თავად ეს პირებიც ვერ უარყოფენ.

ამასთან, სპეციალური პენიტენციური სამსახური კიდევ ერთხელ ხაზგასმით აცხადებს, რომ არანაირი კრიმინალური სუბკულტურა პენიტენციურ დაწესებულებებში არ არსებობს. პენიტენციურ დაწესებულებებს მართავს სახელმწიფო და არა კრიმინალური ავტორიტეტები". – ნათქვამია უწყების განცხადებაში. 

სპეციალური პენიტენციური სამსახურის განცხადებაში ვკითხულობთ, რომ ის მსჯავრდებულები, რომლებიც მოისურვებენ სხვა პატიმრებზე გავლენის მოპოვებას, ნახევრადღია პენიტენციური დაწესებულებებიდან გადაჰყავთ დახურულ დაწესებულებებში, სადაც ისინი სხვა პატიმრებისგან იზოლირებულები არიან. ომბუდსმენის განცხადების მიზნად კი საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ასახელებენ. 

სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ პენიტენციურ დაწესებულებებში შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით საგანგებო განცხადება გაავრცელა. ნინო ლომჯარია სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენლებზე ე.წ. ციხის მაყურებლების მხრიდან სიტყვიერ თავდასხმებზე, მუქარასა და აგრესიაზე საუბრობს და კრიმინალური სუბკულტურის არსებობას უსვამს ხაზს. სახალხო დამცველი მიმართავს საქართველოს მთავრობას, პარლამენტსა და შესაბამის უწყებებს, მიიღონ მყისიერი ზომები ციხეებში კრიმინალური სუბკულტურის მართვის მოდელის შესაცვლელად. ომბუდსმენის ცნობით, აპარატმა უკვე მიმართა იუსტიციის მინისტრს პენიტენციური დაწესებულებების დირექტორების თანამდებობრივი პასუხისმგებლობის დაყენებისთვის.

კომენტარები