ირანი

ირანში საპრეზიდენტო არჩევნები დაიწყო

აიათოლა ალი ხამენეი არჩევნებზე
Reuters

ირანში საპრეზიდენტო არჩევნები დაიწყო

ვარაუდობენ, რომ არჩევნებში მოსამართლე და სასულიერო პირი, ალი ხამენეის ახლო მოკავშირე, ებრაჰიმ რაისი გაიმარჯვებს. მრავალი წლის განმავლობაში რაისის ადანაშაულებდნენ ადამიანის უფლებათა დარღვევაში. 2019 წელს ის ქვეყნის ახლანდელმა უმაღლესმა ლიდერმა, აიათოლა ხამენეიმ მაღალი რანგის მოსამართლედ დანიშნა. აქედან რამდენიმე თვის შემდეგ, აშშ-მ რაისის სანქციები დაუწესა. მიზეზი ადამიანის უფლებათა დარღვევა იყო. ებრაჰიმ რაისის ბრალად ედება 1980-იან წლებში პოლიტიკური პატიმრების სიკვდილით დასჯა, ასევე ის დადანაშაულებულია 2009 წლის საპროტესტო გამოსვლების დაუნდობლად ჩახშობაში.

მნიშვნელოვანია ის გარემოება, რომ ებრაჰიმ რაისის ირანის რევოლუციური გვარდიის კორპუსის დიდი მხარდაჭერა აქვს. ეს არის სამხედრო ორგანო, რომელიც წარსულში არაერთ რეფორმულ ინიციატივას შეწინააღმდეგებია. ეს არის სამხედრო ორგანო, რომელიც ახლო აღმოსავლეთში სხვადასხვა შიიტურ დაჯგუფებებს აფინანსებს, მაგალითად, ისეთებს, როგორიცაა ლიბანში მყოფი ჰეზბოლა. 

ებრაჰიმ რაისი ცნობილია საკუთარი ხისტი პოლიტიკით. მისი გავლენის ზრდას შედარებით პრაგმატისტი პოლიტიკოსებისთვის, როგორიც არის ახლანდელი პრეზიდენტი ჰასან რუჰანი, აშშ-ს სანქციების მიერ შესუსტებას მიაწერენ. ჰასან რუჰანი ამ არჩევნებში მონაწილეობას ვერ იღებს, რადგან კონსტიტუციის მიხედვით, მას ამ პოსტის მესამე ოთხწლიანი ვადით დაკავების უფლება არ აქვს.

აბდოლნასერ ჰემათი, მოჰსენ რეზაი, ამირჰოსეინ ყაზიზადე-ჰაშემი.

არჩევნებზე რაისის მთავარი მოწინააღმდეგეა შედარებით პრაგმატულად დახასიათებული, ირანის ცენტრალური ბანკის ყოფილი დირექტორი, აბდოლნასერ ჰემათი. ის თვლის, რომ ხისტი კურსის მქონე პოლიტიკოსის მოსვლა ირანს მეტ სანქციებს მოუტანს. მისი ერთ-ერთი მთავარი მიზანი სანქციების მოხსნაა. ჰემათის გამარჯვება ნაკლებად სავარაუდოა. 

ორივე კანდიდატი საუბრობს ახალი ბირთვული შეთანხმების გაფორმებაზე, თუმცა რაისი თვლის, რომ ეს მხოლოდ ძლიერი ხელისუფლების ქვეშ იქნება შესაძლებელი. 

დანარჩენი კანდიდატები არიან მოჰსენ რეზაი და ამირჰოსეინ ყაზიზადე-ჰაშემი.

მოჰსენ რეზაი 1997 წლიდან ირანის მიზანშეწონილობის საბჭოს მეთაურია. მრავალი წელია, რაც ის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობს, თუმცა უშედეგოდ. მასაც ახასიათებენ, როგორც ხისტი კურსის მქონე პოლიტიკოსს. ასევე ის არის ირანის რევოლუციური გვარდიის კორპუსის დაზვერვის ყოფილი მეთაური. 1981 წელს ის ირანის უმაღლესმა მმართველმა, აიათოლა ხომეინიმ რევოლუციური გვარდიის კორპუსის მთავარსარდლად დანიშნა და ეს პოზიცია 16 წლის განმავლობაში ეკავა. ასეთი წარსულის მიუხედავად, მისი გამარჯვებაც ნაკლებად სავარაუდოა. 

ამირჰოსეინ ყაზიზადე-ჰაშემი ახლანდელი პარლამენტის წევრია. ის პროფესიით ყელ-ყურ-ცხვირის ექიმია. ამირ-ჰოსეინი არის ყოფილი ჯანდაცვის მინისტრის, ჰასან ყაზიდადე-ჰაშემის ბიძაშვილი. მას ახასიათებენ როგორც კონსერვატორ პოლიტიკოსს. მასაც საკმაოდ სუსტი მხარდაჭერა აქვს. 

არჩევნებში გამარჯვებული პრეზიდენტის მთავარი გამოწვევა ირანის გამწვავებული ეკონომიკური მდგომარეობა იქნება. 

არჩევნებზე მოსახლეობის დაბალი აქტიურობაა. ქვეყნის უმაღლესმა ლიდერმა, ალი ხამენეიმ ხალხს არჩევნებში მონაწილეობისკენ მოუწოდა.

კომენტარები