ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონი

მეუფე იაკობი ომბუდსმენზე: ვუყურებ, როგორც დამნაშავეს, ამდენი ხანი მალავდა

ბოდბელი მთავარეპისკოპოსი იაკობ იაკობაშვილი სახალხო დამცველს, ნინო ლომჯარიას ადანაშაულებს ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონში ბავშვების სასტიკად მოპყრობის ფაქტების დამალვაში.

"დიდი წვლილი ამ პროცესებში მიუძღვის სახალხო დამცველს, იმიტომ, რომ როდესაც ქორეპისკოპოსი ვიყავი მაშინ უნდა გვცოდნოდა საპატრიარქოს რა ხდებოდა და რა არა, თუ ჰქონდა ინფორმაცია მე უნდა მცოდნოდა, ნუ მასწავლით. რადგან არ ვიცოდი მაგის დანაშაულია, ამიტომ ვუყურებ, როგორც დამნაშავეს - ეს არ არის არშეშვება, რადგან სერიოზული კითხვები დგას მის წინაშე. თუ სახალხო დამცველია და კონსტიტუცია აძლევს ამის უფლებას, რომ მალავდა ამდენი ხანი, მე სულ არ მაინტერესებს რას წერდა იმაში [ანგარიშებში] ჩვენთვის [საპატრიარქოსთვის] მოეწერა. მე ვამბობ, რომ არ ვუშვებ, შევხვდები თბილისში, რა კითხვებიც მაქვს გამცეს პასუხი, თვითონ რა კითხვებიც აქვს გავცემ პასუხს. თუ დავინახე, რომ არაა დამნაშავე და სპეციალურად არ აკეთებდა, მერე ვნახოთ, სხვანაირად მოვეპყრობი, თუ არა,  არ ვარ ის ადამიანი, რომ ზეწოლა განახორციელონ ჩემზე". - ამბობს მეუფე იაკობი.

14 ივნისს ბოდბელი მთავარეპისკოპოსი იაკობ იაკობაშვილი ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონის ხელმძღვანელად დაინიშნა. ამ თანამდებობას აქამდე მიტროპოლიტი სპირიდონი იკავებდა. მიტროპოლიტ იაკობის თქმით, პანსიონში სახალხო დამცველის შეშვებაზე საუბარი "ჯერ ადრეა".

5 ივნისს სასამართლომ PHR-ის მოთხოვნა ნინოწმინდის პანსიონიდან ბავშვების გაყვანის შესახებ დააკმაყოფილა. ორგანიზაციის ხელმძღვანელის, ანა აბაშიძის თქმით, ბავშვების დაწესებულებიდან გაყვანა დაუყოვნებლივ უნდა დაიწყოს. გადაწყვეტილება მოსამართლე ივანე ღლონტმა მიიღო.  

PHR-ის წარმომადგენელი, ანა არგანაშვილი განმარტავს, რომ კანონმდებლობით ორგანიზაციისთვის განსაზღვრული სპეციალური მოსარჩელის სტატუსიდან გამომდინარე, განაჩენში არსებობს ტექნიკური ჩანაწერი პანსიონიდან მხოლოდ შშმ ბავშვების გაყვანის შესახებ, მაგრამ, მისივე თქმით, თუ პანსიონში საფრთხე არსებობს, რომელზეც მოსამართლეც საუბრობს, არ შეიძლება იქ რომელიმე ბავშვი დარჩეს. 

საქართველოს საპატრიარქომ ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონთან დაკავშირებით, რომელიც მის დაქვემდებარებაშია, განცხადება გაავრცელა. საპატრიარქო აღნიშნავს, რომ ისინი გაასაჩივრებენ სასამართლოს იმ გადაწყვეტილებას, რომლითაც PHR-ის მოთხოვნა პანსიონიდან ბავშვების დაუყოვნებლივ გამოყვანის შესახებ დაკმაყოფილდა.

გაერთიანებული ერების სააგენტოთა ჯგუფმა საქართველოში ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა. ორგანიზაცია გმობს ნებისმიერ მცდელობას, რომელიც ხელს უშლის სახალხო დამცველის აპარატისა და ქვეყნის სხვა შესაბამისი უწყებების მხრიდან თავიანთი მოვალეობების შესრულებას.  ორგანიზაცია ასევე გმობს ბავშვთა მიმართ ნებისმიერი სახის ძალადობას და სასტიკად მოპყრობას და იმედოვნებს, რომ 5 ივნისის სასამართლო გადაწყვეტილება ბავშვთა სახლიდან შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბენეფიციარების გაყვანის შესახებ იქ მყოფ ყველა ბავშვზე გავრცელდება. 


4 ივნისს სხალთის ეპარქიამ ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონის ბენეფიციარების ამსახველი ვიდეოჩანაწერი სოციალურ ქსელში გაავრცელა. ვიდეოში მონაწილე არასრულწლოვანების იდენტიფიცირება სრულად არის შესაძლებელი. 

ფაქტს გამოეხმაურა სახალხო დამცველიც და სახელმწიფო უწყებებს პანსიონში მყოფი არასრულწლოვნების უფლებადარღვევის განგრძობად ფაქტზე დაუყოვნებლივი რეაგირებისკენ მოუწოდა. ფაქტის შესწავლა დაიწყო სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმაც. 

2 ივნისს სახალხო დამცველმა, ნინო ლომჯარიამ თქვა, რომ ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონთან დაკავშირებით გამოძიება სავარაუდო გაუპატიურებაზეც არის დაწყებული. 3 ივნისს, საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურმა განცხადება გაავრცელა და  შსს-ს შესაბამის სამსახურს მიმართა, ბავშვთა სახლთან დაკავშირებული საქმეები გაესაჯაროებინა. 

მოგვიანებით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა განცხადება, რომ ნინოწმინდის პანსიონის საქმეში დანაშაულის დასადგენად საკმარისი მტკიცებულებები არ არის. განცხადების თანახმად, 2016 წლიდან დღემდე გამოძიება სისხლის სამართლის 4 საქმეზე მიმდინარეობს, თუმცა, ამ ეტაპზე, საქმეში არ არის საკმარის მტკიცებულებათა ის სტანდარტი, რომლითაც დადგინდება შესაძლო დანაშაულის ჩადენის ფაქტი.

კომენტარები