აშშ-ჩინეთი

CNN: აშშ ჩინეთის ატომური სადგურიდან რადიაციის გაჟონვის ცნობაზე მსჯელობს

ტაიშანის ატომური ელექტრო სადგური

CNN-ის ცნობით, აშშ ბოლო რამდენიმე კვირაა, მსჯელობს ფრანგული კომპანიისგან მიღებულ ცნობაზე, რომლის მიხედვითაც ჩინეთში, გუანგდონგის პროვინციაში მყოფ ტაიშანის ატომურ ელექტრო სადგურზე "გარდაუვალი რადიოაქტიური საფრთხე" არსებობს. 

გაფრთხილებაში, რომელიც აშშ-მ მიიღო, ეწერა, რომ ჩინეთის მთავრობა ატომური სადგურის ტერიტორიაზე რადიოაქტიურობის დასაშვები ლიმიტის დონეს ზრდის, რათა ის არ დახურონ. ცნობა აშშ-მ ფრანგული კომპანიისგან 8 ივნისს მიიღო.

ფრანგული კომპანია Framatome-ი ტაიშანის სადგურისთვის საჭირო დანადგარებსა და მომსახურებას უზრუნველყოფს. კომპანია აშშ-ს დახმარებას სთხოვს. უცხოური კომპანიებისთვის აშშ-სთვის მსგავსი მიმართვა იშვიათი პრაქტიკაა, მითუმეტეს მაშინ, როცა Framatome-ის პარტნიორ ჩინურ კომპანიას საფრთხის არსებობა არ უღიარებია.

CNN-ის ცნობით, ფრანგული კომპანიის საგანგაშო შეტყობინების მიუხედავად, ბაიდენის ადმინისტრაცია თვლის, რომ ატომურ სადგურზე ჯერჯერობით კრიზისული დონე არ არის. თუმცა, ეს საკითხი იმდენად მნიშვნელოვანი მაინც არის, რომ ეროვნული უსაფრთხოების საბჭომ ამ პრობლემასთან დაკავშირებით რამდენიმე შეხვედრა გამართა. Framatome-ის მიერ აშშ-სთვის გადაცემულ ცნობაში ნახსენებია, რომ ტაიშანის სადგურზე რადიაციის დონე ფრანგულ ნორმებს აღემატება, თუმცა, ჯერჯერობით უცნობია, არის თუ არა რადიაციის დონე აშშ-ს სტანდარტებზე მაღალი.

როგორც CNN-ი ამბობს, აშშ-ს მთავრობას კონტაქტი ჰქონდა როგორც საფრანგეთის, ისე ჩინეთის წარმომადგენლებთანაც, მაგრამ დეტალები ჯერჯერობით უცნობია. 

ტაიშანის ატომური ელექტრო სადგურის მდებარეობა
CNN

 

კომენტარები