ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონი

პარლამენტთან ფალავანდიშვილის თანამოაზრე დააკავეს, მან სირცხვილიას ბანერის დახევა სცადა

Interpressnews.ge

პარლამენტთან, გურამ ფალავანდიშვილისა და პრორუსული, ნეოფაშისტური დაჯგუფების წევრების მიერ ორგანიზებულ კონტრაქციაზე ერთი პირი დააკავეს, მან ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონატთან დაკავშირებული აქციის გარღვევა და სირცხვილიას პლაკატის დახევა სცადა. 

ტაბულას შსს-ში უთხრეს, რომ მოქალაქე ადმინისტრაციული წესით არის დაკავებული. 


დღეს, 13 ივნისს, პარლამენტთან ნინოწმინდის პანსიონში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებული საპროტესტო აქცია იმართებოდა. 

პრორუსული, ნეოფაშისტური დაჯგუფების ლიდერმა, გურამ ფალავანდიშვილმა და მისმა თანამოაზრეებმა კონტრაქცია გამართეს. 

"პედოფილების მიშვება თუ არ შეიძლება ბავშვებთან, პედერასტების რატომ შეიძლება?", "არა LGBTQ სიბილწეს". - ეწერათ კონტრაქციის მონაწილეებს ბანერებზე. 

5 ივნისს სასამართლომ PHR-ის მოთხოვნა ნინოწმინდის პანსიონიდან ბავშვების გაყვანის შესახებ დააკმაყოფილა. ორგანიზაციის ხელმძღვანელის, ანა აბაშიძის თქმით, ბავშვების დაწესებულებიდან გაყვანა დაუყოვნებლივ უნდა დაიწყოს. გადაწყვეტილება მოსამართლე ივანე ღლონტმა მიიღო.  

PHR-ის წარმომადგენელი, ანა არგანაშვილი განმარტავს, რომ კანონმდებლობით ორგანიზაციისთვის განსაზღვრული სპეციალური მოსარჩელის სტატუსიდან გამომდინარე, განაჩენში არსებობს ტექნიკური ჩანაწერი პანსიონიდან მხოლოდ შშმ ბავშვების გაყვანის შესახებ, მაგრამ, მისივე თქმით, თუ პანსიონში საფრთხე არსებობს, რომელზეც მოსამართლეც საუბრობს, არ შეიძლება იქ რომელიმე ბავშვი დარჩეს. 

საქართველოს საპატრიარქომ ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონთან დაკავშირებით, რომელიც მის დაქვემდებარებაშია, განცხადება გაავრცელა. საპატრიარქო აღნიშნავს, რომ ისინი გაასაჩივრებენ სასამართლოს იმ გადაწყვეტილებას, რომლითაც PHR-ის მოთხოვნა პანსიონიდან ბავშვების დაუყოვნებლივ გამოყვანის შესახებ დაკმაყოფილდა.

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონიდან 20 არასრულწლოვანი ალტერნატიულ სერვისებში გადაანაწილეს, მათ შორის, 7 შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვია. 

გაერთიანებული ერების სააგენტოთა ჯგუფი საქართველოში ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. ორგანიზაცია გმობს ნებისმიერ მცდელობას, რომელიც ხელს უშლის სახალხო დამცველის აპარატისა და ქვეყნის სხვა შესაბამისი უწყებების მხრიდან თავიანთი მოვალეობების შესრულებას. 

ორგანიზაცია ასევე გმობს ბავშვთა მიმართ ნებისმიერი სახის ძალადობას და სასტიკად მოპყრობას და იმედოვნებს, რომ 5 ივნისის სასამართლო გადაწყვეტილება ბავშვთა სახლიდან შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბენეფიციარების გაყვანის შესახებ იქ მყოფ ყველა ბავშვზე გავრცელდება. 

 

კომენტარები