ალექსეი ნავალნის მოწამვლა

ФБК: რუსმა ექიმებმა გააყალბეს მონაცემები, რომლებიც ნავალნის ნოვიჩოკით მოწამვლაზე მიუთითებდა

ალექსეი ნავალნი
Der Spiegel

ალექსეი ნავალნის კორუფციასთან ბრძოლის ფონდის გამოძიების თანახმად, ექიმებმა, რომლებიც ნავალნის უშუალოდ მოწამვლის შემდეგ მკურნალობდნენ, გააყალბეს სამედიცინო მონაცემები, რომლებიც პოლიტიკოსის ნოვიჩოკის ჯგუფის ნერვული აგენტით მოწამვლას ადასტურებდა.

ომსკის ექიმები, რომლებმაც პირველებმა დაიწყეს ნავალნის მკურნალობა, ამბობდნენ, რომ გამოკვლევებმა პოლიტიკოსის ორგანიზმში ტოქსიკური ნივთიერებები არ აჩვენა. ნავალნის სისხლში ნოვიჩოკის ნერვული აგენტის ჯგუფის ტოქსინის არსებობა გერმანიის სამხედრო ლაბორატორიამშვედეთისა და საფრანგეთის დამოუკიდებელმა ლაბორატორიებმა და ქიმიური იარაღის აკრძალვის ორგანიზაციამ დაადასტურა.

ნავალნის გუნდი ამბობს, რომ მათ შეძლეს, ომსკის საავადმყოფოს არქივებიდან მოეპოვებინათ ნავალნის პოლიტიკოსის ჩაუსწორებელი სამედიცინო მონაცემები, რომლებიც 2020 წლის ნოემბრით თარიღდება და შეედარებინათ ისინი შეცვლილი ანგარიშისთვის რომელიც ერთი თვის მოგვიანებით გამოაქვეყნა საავადმყოფომ.

ორიგინალი დოკუმენტები შეიცავდა მოსკოვში ჩატარებული სისხლის ანალიზს შედეგებს, რომლებიც სისხლში ქოლინესტერაზას ინჰიბიტორის კვალს აჩვენებდა, რაც ნერვული აგენტით მოწამვლის ინდიკატორია. ოფიციალურად გამოქვეყნებულ დოკუმენტებში ეს ინფორმაცია ასახული არ არის. 

კორუფციასთან ბრძოლის ფონდის გამომძიებელმა მარია პევჩიხმა რუსეთის ხელისუფლება ნავალნის მოწამვლის საქმეზე გამოძიების დაწყებაზე უარის გამო გააკრიტიკა.

"ახლა ომსკში საკმარისი მასალაა, ანალიზები, ჩანაწერები, ტესტების პასუხები, რათა ორგანოფოსფატებით მოწამვლის დიაგნოზი დაისვას. მეტი არაფერია საჭიროა სისხლის სამართლის საქმის გასახსნელად" - ამბობს მარია პევჩიხი. ორგანოფოსფატები ნივთიერებების ჯგუფია, რომელიც ნერვულ აგენტებსაც მოიცავს.

ნავალნის გუნდის თანახმად, მათ ასევე გამოააშკარავეს "ყველაზე მნიშვნელოვანი წევრი" რუსეთის ფედერალური უშიშროების იმ დანაყოფში, რომელიც ნავალნისა და სხვა მნიშვნელოვანი ფიგურების მოწამვლაში იღებდა მონაწილეობას.

გამოძიების თანახმად, ვალერი სუხარევი FSB-ს კონსტიტუციური სისტემის დაცვის სამსახურის და ტერორიზმთან ბრძოლის სამსახურის დანაყოფების წევრია. გამომძიებლების მიერ მოპოვებული ინფორმაციით, ის ქვეყნის მასშტაბით ნავალნის გადაადგილების დროს პოლიტიკოსის პარალელურად 15-ჯერ იმგზავრა და უკვე გამოაშკარავებულ FSB-ს აგენტებს აქტიურად ურეკავდა ნავალნის მოწამვლამდე და მოწამვლის შემდეგ.

ნავალნის გუნდის გამოძიების თანახმად, პოლიტიკოსის მოწამვლაში FSB-ს ორი დანაყოფი კონსტიტუციური სისტემის დაცვის სამსახური და კრიმინალისტიკის ინსტიტუი იყო ჩართული. გამოძიება FSB-ს უკავშირებს 2019 წელს მწერლისა და ჟურნალისტის დმიტრი ბიკოვის და ოპოზიციონერი პოლიტიკოსის ვლადიმირ კარა-მურზას მოწამვლის საქმეებსაც.


2020 წლის 20 აგვისტოს რუსი ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნი თვითმფრინავში, ტომსკი-მოსკოვის რეისზე ცუდად გახდა. ის ქალაქ ომსკის საავადმყოფოში გადაიყვანეს. ორი დღეს შემდეგ ის გერმანიაში, კლინიკა შარიტეში გადაიყვანეს, სადაც მას ქოლინესტერაზას ინჰიბიტორით მოწამვლის დიაგნოზი დაუსვეს. რუსი ოპოზიციონერი თითქმის ერთი თვის განმავლობაში კომაში იყო. ნავალნი ბერლინის საავადმყოფოდან 22 სექტემბერს გაწერეს. მკურნალობისა და რეაბილიტაციის კურსს გავლის შემდეგ ის რუსეთში 17 იანვარს დაბრუნდა. პოლიტიკოსი ქვეყანაში ჩასვლისთანავე დააკავეს.

2 თებერვალს ნავალნის სასამართლომ 2 წლითა და 8 თვით პატიმრობა მიუსაჯა "ივ როშეს" საქმეზე. აღსანიშნავია, რომ ნავალნის თავდაპირველად 3 წლითა და 6 თვით მიუსაჯეს პატიმრობა, თუმცა მის სასჯელს აკლდება შინაპატიმრობაში გატარებული 10 თვე.

2014 წელს ალექსეი ნავალნი და მისი ძმა ოლეგი დამნაშავედ ცნეს თაღლითობაში. გამოძიების ვერსიით, მათ დაარწმუნეს კომპანია "ივ როშე", გაეფორმებინათ არახელსაყრელი კონტრაქტი. რუსეთის სასამართლოს ალექსეი ნავალნის 3.5 წლით პირობითი სასჯელი და 5 წლით გამოსაცდელი ვადა, ხოლო მის ძმას 3.5-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. მოგვიანებით ალექსეი ნავალნის გამოსაცდელი ვადა ერთი წლით გახანგრძლივდა და, შესაბამისად, 2020 წლის 30 დეკემბერს ამოიწურა.

2017 წელს ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ დაადგინა, რომ ალექსეი ნავალნის და მის ძმას არ ჰქონდათ სამართლიანი სასამართლოს უფლება და განჩინება დაგმო, როგორც "უკანონო და თვითნებური" და "პოლიტიკურად მოტივირებული". რუსეთის ფედერაციამ ნავალნის კომპენსაცია გადაუხადა, თუმცა განაჩენი არ გაუუქმებია.

კომენტარები