ალექსეი ნავალნის მოწამვლა

რუსეთში ნავალნის ანტი-კორუფციული ფონდის ადვოკატი ლიუბოვ სობოლი დააკავეს [Video]

რუსი ოპოზიციონერის, ალექსეი ნავალნის ანტი-კორუფციული ფონდის ადვოკატი ლიუბოვ სობოლი დააკავეს. მისი დაკავება რუსეთის ფედერალური უშიშროების ერთ-ერთი თანამშრომლის, კონსტანტინ კუდრიავცევის სახლთან მოხდა. სწორედ კუდრიავცევს დაურეკა ალექსეი ნავალნიმ და მისი მოწამვლის თაობაზე ინფორმაცია მიიღო. ამის ამსახველი ვიდეო მან 21 დეკემბერს გაავრცელა.

სობოლის დაკავების მიზეზად პოლიციაში განაცხადეს, რომ ადგილობრივმა მაცხოვრებლებმა დაიჩივლეს.

მას შემდეგ, რაც ნავალნიმ FSB-ს თანამშრომელთან საუბრის ამსახველი ვიდეო გამოაქვეყნა, ლიუბოვ სობოლი და კიდევ რამდენიმე ადამიანი კუდრიავცევის სახლთან მივიდნენ. სობოლმა თქვა, რომ ზარი დარეკეს, თუმცა კარი არავინ გააღო. მისი ინფორმაციით უშიშროების აგენტი სახლშია.

დაკავების შემდეგ სობოლი პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანეს, თუმცა ადვოკატთან დაკონტაქტების საშუალებას არ აძლევდნენ. უცნობია რა მუხლით წაუყენს მას ბრალი.

მის გარდა დააკავეს ნავალნის YouTube არხის, Navalny Live-ის ორი თანამშრომელი, აკიმ ქერიმოვი და ოლგა კლიუჩნიკოვა. ისინი დაკითხვაზე გადაიყვანეს.

რუსეთის ფედერალური უშიშროების სამსახურმა (FSB) კომენტარი გააკეთა ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნის მიერ ვიდეოს გავრცელების შემდეგ, რომელშიც ის, როგორც თავად ამბობს, მის მოწამვლაში მონაწილე აგენტს ესაუბრება. რუსულ მედია სააგენტო TASS-თან მათ ნავალნის სატელეფონო ჩანაწერს გაყალბებული უწოდეს.

"ვიდეო სატელეფონო საუბრით გაყალბებულია. ეს კარგად ნაცნობი ტექნიკაა უცხოური სადაზვერვო სააგენტოებისათვის და წარსულშიც არაერთხელ გამოუყენებიათ ანტი-რუსულ კამპანიაში. ამგვარად შეუძლებელი ხდება იმის დადგენა, ვინ მონაწილეობდა რეალურად სატელეფონო საუბარში". - ნათქვამია მათ განცხადებაში.

FSB-ს სპიკერებმა ასევე განაცხადეს, რომ ჟურნალისტური გამოძიება, რომელმაც დაადგინა, რომ მათი აგენტები ნავალნის უთვალთვალებდნენ, რუსეთის წინააღმდეგ უცხოური დაზვერვის მიერ დაგეგმილი პროვოკაციაა.

"ე.წ. "გამოძიება", რომელიც ნავალნიმ საკუთარ ვებგვერდზე გამოაქვეყნა დაგეგმილი პროვოკაციაა და მისი მიზანი რუსეთის ფედერალური უშიშროების სამსახურის და მისი ოფიცრების დისკრედიტაციაა. ამის განხორციელება უცხოური დაზვერვის მხრიდან ტექნიკური და საორგანიზაციო დახმარების გარეშე შეუძლებელი იქნებოდა". - თქვეს მათ.

ნავალნიმ FBS-ს თანამშრომლებს აპლიკაციის გამოყენებით დაურეკა, რომელიც ნომრის შეცვლის საშუალებას იძლევა, რათა ზარის მიმღებს ჩაეთვალა, რომ სამსახურეობრივი FSB-ს ნომრიდან ურეკავდნენ.

ალექსეი ნავალნი კუდრიავცევს 45 წუთი ესაუბრა. ნავალნიმ მას ჰკითხა, რა მოხდა, რა შეცდომები იყო დაშვებული, "რატომ იყო ტომსკში ნავალნისთან სრული ჩავარდნა". კუდრიავცევი თვლის, რომ ოპერაცია კარგად იყო დაგეგმილი. ოპერაციის წარუმატებლობა მან გარემოებათა დამთხვევით ახსნა. მისი აზრით, ნავალნი ვერ გადარჩებოდა, პილოტს სწრაფად რომ არ დაესვა თვითმფრინავი, ხოლო სასწრაფო დახმარების ექიმებს სიმპტომების შეფასების შემდეგ ატროპინი არ შეეყვანათ მის ორგანიზმში. საუბრისას ის, ასევე, ასახელებს ოპერაციის დანარჩენ მონაწილეებს, თავის უფროსს სტანისლავ მაკშაკოვს, მეცნიერ-ტოქსიკოლოგსა და ნოვიჩოკის სპეციალისტს, ასევე ივან ოსიპოვს, ალექსეი ალექსანდროვს. კუდრიავცევის თანახმად, მოწამვლის შემდეგ სამხილების გაქრობაში FSB-ს აგენტებს სატრანსპორტო პოლიცია დაეხმარა. საუბრის სრული ჩანაწერი The Indider-მა გამოაქვეყნა.

კომენტარები