კანონპროექტი პარტიების დაფინანსებაზე

ბოკერია დაფინანსების კანონპროექტზე: დემონსტრირებაა, რომ გასდით და შეუძლიათ ამის გაკეთება

გიგა ბოკერია
ევროპული საქართველო

ევროპული საქართველოს ლიდერი, გიგა ბოკერია პარტიების დაფინანსების შესახებ კანონპროექტს ეხმაურება. ბოკერია მიიჩნევს, რომ კანონპროექტი მმართველი პარტიის, ქართული ოცნების მიერ ძალის დემონსტრირებაა.

"ევროპულ საქართველოს ამ ეტაპზე ვერ შეგვეხება, შეიძლება, მოიფიქრონ რამე ხვალ და ზეგ. ამას იმიტომ ვამბობ, რომ, ჩემი აზრით, მნიშვნელოვანი არის არა ის, ამ მომენტისთვის ვის ეხება, ბუნებრივია, ლეიბორისტულ პარტიას ავიწროებენ უსამართლოდ და არალეგიტიმურად, მაგრამ ტესტი აქ არის, რა განზრახვა და როგორი განწყობა აქვს მმართველ რეჟიმს – ნებისმიერ საკითხში დემონსტრირება იმისა, რომ არ არსებობს თამაშის სამართლიანი წესები, არ არსებობს სამართლის უზენაესობა, ძალის დემონსტრირება, პირველ რიგში, საკუთარი ვერტიკალისთვის და ხალხისთვის, რომ მათ გასდით და შეუძლიათ ამის გაკეთება. ამას უნდა გავუსწოროთ თვალი. თავი არ უნდა მოვიტყუოთ, რომ რაღაც შეიცვალა, არ ვუბრუნდები შეთანხმების საკითხს, ეს ჩავლილი ამბავია". – თქვა ბოკერიამ TV პირველის ეთერში.

პარლამენტმა მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ კანონში შესატან ცვლილებას მეორე მოსმენით მხარი დაუჭირა. ცვლილების მიხედვით, სახელმწიფო ბიუჯეტიდან თანხას მიიღებს მხოლოდ ის პარტია, რომელიც მისთვის განკუთვნილ პარლამენტის წევრის მანდატს ან მანდატების ნახევარს მაინც აითვისებს. საკითხს კენჭისყრაზე 80 მომხრე და 27 მოწინააღმდეგე ჰყავდა.

კანონპროექტში ასევე აღნიშნულია, რომ პარტია მომავალი წლის საბიუჯეტო დაფინანსებას ვერ მიიღებს, თუ მისი წარდგენით არჩეულ პარლამენტის წევრთა ნახევარი მაინც არასაპატიო მიზეზით გააცდენს მიმდინარე მოწვევის პარლამენტის წინა წლის ყველა პლენარულ სხდომას.

ანალოგიური პრინციპი გავრცელდება იმ პარტიებზეც, რომლებიც პოლიტიკური ბლოკის ნაწილებს წარმოადგენენ.

კომენტარები