ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონი

PHR ნინოწმინდაზე: ერთ-ერთ მთავარ მოწმეზე საშიში მუქარაა, პროკურატურა არაფერს აკეთებს

Ombudsman

პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის (PHR) თავმჯდომარე, ანა აბაშიძე წერს, რომ ნინოწმინდის პანსიონის საქმეზე ერთ-ერთ მთავარ მოწმეს ემუქრებიან და სთხოვენ, რომ გაჩუმდეს. 

'ერთ-ერთ მთავარ მოწმეზე არის ძალიან საშიში მუქარა და ზეწოლა. ითხოვენ გაჩუმდეს, თორემ რაც მოუვა, ნახავს. ორი დღეა, ვითხოვთ ამ ადამიანის და მისი ოჯახის დაცვას პროკურატურისგან. არაფერს აკეთებენ. აი, არაფერს. ხოდა ახლა საჯაროდ გეუბნებით. იცით, ვისზეც ვლაპარაკობ და რა მუქარაზეც გეუბნებით. აი, იმ ადამიანს ან მის ოჯახის წევრებს ვინმეს მხრიდან რამე რომ დაემართოს ან ამ ადამიანმა უეცრად უკან დაიხიოს, ეს იქნება პირდაპირ სახელმწიფოს განზრახი უმოქმედობის, ან იქნებ მოქმედებისაც კი, დამსახურება!" - წერს აბაშიძე. 

PHR შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართავს და ითხოვს, ოჯახი უსაფრთხო ადგილას გადაიყვანონ.  

9 ივნისს ანა აბაშიძემ თქვა, რომ მოწმეებზე სერიოზული ზეწოლა მიდის, ამიტომ აუცილებელია მათ მიმართ დაცვის სპეციალური ღონისძიებების გამოყენება.

ამასთან ერთად, სახალხო დამცველის, ნინო ლომჯარიას ინფორმაციით, საპატრიარქოს დაქვემდებარებაში მყოფი ხიჭაურის უნივერსიტეტის საერთო საცხოვრებლიდან სტუდენტი ნინოწმინდის პანსიონში ძალადობაზე მიცემული ჩვენების გამო გააგდეს.

5 ივნისს სასამართლომ PHR-ის მოთხოვნა ნინოწმინდის პანსიონიდან ბავშვების გაყვანის შესახებ დააკმაყოფილა. ორგანიზაციის ხელმძღვანელის, ანა აბაშიძის თქმით, ბავშვების დაწესებულებიდან გაყვანა დაუყოვნებლივ უნდა დაიწყოს. გადაწყვეტილება მოსამართლე ივანე ღლონტმა მიიღო.  

PHR-ის წარმომადგენელი, ანა არგანაშვილი განმარტავს, რომ კანონმდებლობით ორგანიზაციისთვის განსაზღვრული სპეციალური მოსარჩელის სტატუსიდან გამომდინარე, განაჩენში არსებობს ტექნიკური ჩანაწერი პანსიონიდან მხოლოდ შშმ ბავშვების გაყვანის შესახებ, მაგრამ, მისივე თქმით, თუ პანსიონში საფრთხე არსებობს, რომელზეც მოსამართლეც საუბრობს, არ შეიძლება იქ რომელიმე ბავშვი დარჩეს. 

საქართველოს საპატრიარქომ ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონთან დაკავშირებით, რომელიც მის დაქვემდებარებაშია, განცხადება გაავრცელა. საპატრიარქო აღნიშნავს, რომ ისინი გაასაჩივრებენ სასამართლოს იმ გადაწყვეტილებას, რომლითაც PHR-ის მოთხოვნა პანსიონიდან ბავშვების დაუყოვნებლივ გამოყვანის შესახებ დაკმაყოფილდა.

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონიდან 20 არასრულწლოვანი ალტერნატიულ სერვისებში გადაანაწილეს, მათ შორის, 7 შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვია. 


4 ივნისს სხალთის ეპარქიამ ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონის ბენეფიციარების ამსახველი ვიდეოჩანაწერი სოციალურ ქსელში გაავრცელა. ვიდეოში მონაწილე არასრულწლოვანების იდენტიფიცირება სრულად არის შესაძლებელი. 

ფაქტს გამოეხმაურა სახალხო დამცველიც და სახელმწიფო უწყებებს პანსიონში მყოფი არასრულწლოვნების უფლებადარღვევის განგრძობად ფაქტზე დაუყოვნებლივი რეაგირებისკენ მოუწოდა. ფაქტის შესწავლა დაიწყო სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმაც. 

2 ივნისს სახალხო დამცველმა, ნინო ლომჯარიამ თქვა, რომ ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონთან დაკავშირებით გამოძიება სავარაუდო გაუპატიურებაზეც არის დაწყებული. 3 ივნისს, საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურმა განცხადება გაავრცელა და  შსს-ს შესაბამის სამსახურს მიმართა, ბავშვთა სახლთან დაკავშირებული საქმეები გაესაჯაროებინა. 

მოგვიანებით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა განცხადება, რომ ნინოწმინდის პანსიონის საქმეში დანაშაულის დასადგენად საკმარისი მტკიცებულებები არ არის. განცხადების თანახმად, 2016 წლიდან დღემდე გამოძიება სისხლის სამართლის 4 საქმეზე მიმდინარეობს, თუმცა, ამ ეტაპზე, საქმეში არ არის საკმარის მტკიცებულებათა ის სტანდარტი, რომლითაც დადგინდება შესაძლო დანაშაულის ჩადენის ფაქტი.

კომენტარები