ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონი

მეუფე სპირიდონი: UNICEF ლომჯარიაზე უკეთესი არაა, ესენიც ლეგეტეპე პროპაგანდისტები არიან

მეუფე სპირიდონი

სხალთელი მიტროპოლიტი, მეუფე სპირიდონი ამბობს, რომ ნინოწმინდის პანსიონის "აღსაზრდელების გადაბირების პროცესი აქტიურად მიმდინარეობს". მისი თქმით, ეს იმიტომ "აწყობთ", რომ ნინოწმინდაში "ქართული ელემენტი, გენი და მენტალიტეტი" აღარ იყოს. 

"ქართული საჯარო სკოლა, რომელიც ფაქტიურად გაუქმებული იყო, აი, ამ ბავშვების ბაზაზე ისევ ამოქმედდა. მხოლოდ ჩვენი ბავშვები სწავლობენ იქ, ძირითადად. მხოლოდ რამდენიმე ბავშვია ადგილობრივი და თუ ეს ბავშვები იქ აღარ იქნებიან, პანსიონატის, ცხადია, ის სკოლა დაიხურება. ეს უნდა გარკვეულ ძალებს, რომ ქართული მენტალიტეტი, ელემენტი ამოძირკვონ". – ამბობს მეუფე სპირიდონი და აღნიშნავს, რომ სახალხო დამცველს პანსიონში შესვლის უფლება იმიტომ არ მისცეს, რომ ის "აქტიურ ლეგეტეპე" პროპაგანდას აწარმოებს. 

მეუფე სპირიდონისთვის ასევე მიუღებელი აღმოჩნდა პანსიონში Worldvision-ის და UNICEF-ის წარმომადგენლების მისვლაც, რომლებიც, 9 ივნისს, საპატრიარქოს წევრებთან ერთად იმყოფებოდნენ პანსიონში.

"ახლა UNICEF და Worldvision. ესენი უარესი თუ არა, არაფრით უკეთესები არ არიან იმ ლომჯარიას სამსახურზე. ესენიც ლეგეტეპე პორპაგანდიტები არიან მთელი მსოფლიოს მასშტაბით. ამიტომ, რა თქმა უნდა, ჩვენთვის მიუღებელია და მე კატეგორიული წინააღმდეგი ვარ ამის. ჩვენი ახალგაზრდობა, ჩვენი მომავალი თაობა წმიდათ და წესიერად უნდა შევინახოთ".- ამბობს მეუფე სპირიდონი. 

PHR-ის წარმომადგენელი, ანა არგანაშვილი ამბობს, რომ Worldvision და UNICEF სამინისტროს სთავაზობს იმავე შენობაში, იმავე ტერიტორიაზე, იმავე ადამიანებმა დიდი ზომის ნინოწმინდის ბავშვთა სახლი მცირე საოჯახო ტიპის სახლებად აქციონ და ასე შეინარჩუნონ, რაც დაუშვებელია. მისივე თქმით, სანამ გამოძიება არ დასრულდება დაუშვებელია  ბავშვთა დაწესებულება იმავე ხალხმა მართოს.

ამ განცხადებიდან მალევე საქართველოში გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) წარმომადგენლობის ხელმძღვანელი ღასან ხალილმა პრესკონფერენცია ნინოწმინდის პანსიონატთან დაკავშირებით საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ახალგაზრდებთან ურთიერთობის ხელმძღვანელ გიორგი ფიცხელანთან ერთად გამართა.


5 ივნისს სასამართლომ PHR-ის მოთხოვნა ნინოწმინდის პანსიონიდან ბავშვების გაყვანის შესახებ დააკმაყოფილა. ორგანიზაციის ხელმძღვანელის, ანა აბაშიძის თქმით, ბავშვების დაწესებულებიდან გაყვანა დაუყოვნებლივ უნდა დაიწყოს. გადაწყვეტილება მოსამართლე ივანე ღლონტმა მიიღო.  

PHR-ის წარმომადგენელი, ანა არგანაშვილი განმარტავს, რომ კანონმდებლობით ორგანიზაციისთვის განსაზღვრული სპეციალური მოსარჩელის სტატუსიდან გამომდინარე, განაჩენში არსებობს ტექნიკური ჩანაწერი პანსიონიდან მხოლოდ შშმ ბავშვების გაყვანის შესახებ, მაგრამ, მისივე თქმით, თუ პანსიონში საფრთხე არსებობს, რომელზეც მოსამართლეც საუბრობს, არ შეიძლება იქ რომელიმე ბავშვი დარჩეს. 

საქართველოს საპატრიარქომ ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონთან დაკავშირებით, რომელიც მის დაქვემდებარებაშია, განცხადება გაავრცლა. საპატრიარქო აღნიშნავს, რომ ისინი გაასაჩივრებენ სასამართლოს იმ გადაწყვეტილებას, რომლითაც PHR-ის მოთხოვნა პანსიონიდან ბავშვების დაუყოვნებლივ გამოყვანის შესახებ დაკმაყოფილდა.

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონიდან 20 არასრულწლოვანი ალტერნატიულ სერვისებში გადაანაწილეს, მათ შორის, 7 შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვია. 

9 ივნისს არასამთავრობო ორგანიზაციის პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის (PHR) თავმჯდომარემ, ანა აბაშიძემაც თქვა, რომ მოწმეებზე მიდის სერიოზული ზეწოლა, ამიტომ აუცილებელია მათ მიმართ დაცვის სპეციალური ღონისძიებების გამოყენება.

ამასთან ერთად, სახალხო დამცველის, ნინო ლომჯარიას ინფორმაციით, საპატრიარქოს დაქვემდებარებაში მყოფი ხიჭაურის უნივერსიტეტის საერთო საცხოვრებლიდან სტუდენტი ნინოწმინდის პანსიონში ძალადობაზე მიცემული ჩვენების გამო გააგდეს.


4 ივნისს სხალთის ეპარქიამ ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონის ბენეფიციარების ამსახველი ვიდეოჩანაწერი სოციალურ ქსელში გაავრცელა. ვიდეოში მონაწილე არასრულწლოვანების იდენტიფიცირება სრულად არის შესაძლებელი. 

ფაქტს გამოეხმაურა სახალხო დამცველიც და სახელმწიფო უწყებებს პანსიონში მყოფი არასრულწლოვნების უფლებადარღვევის განგრძობად ფაქტზე დაუყოვნებლივი რეაგირებისკენ მოუწოდა. ფაქტის შესწავლა დაიწყო სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმაც. 

2 ივნისს სახალხო დამცველმა, ნინო ლომჯარიამ თქვა, რომ ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონთან დაკავშირებით გამოძიება სავარაუდო გაუპატიურებაზეც არის დაწყებული. 3 ივნისს, საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურმა განცხადება გაავრცელა და  შსს-ს შესაბამის სამსახურს მიმართა, ბავშვთა სახლთან დაკავშირებული საქმეები გაესაჯაროებინა. 

მოგვიანებით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა განცხადება, რომ ნინოწმინდის პანსიონის საქმეში დანაშაულის დასადგენად საკმარისი მტკიცებულებები არ არის. განცხადების თანახმად, 2016 წლიდან დღემდე გამოძიება სისხლის სამართლის 4 საქმეზე მიმდინარეობს, თუმცა, ამ ეტაპზე, საქმეში არ არის საკმარის მტკიცებულებათა ის სტანდარტი, რომლითაც დადგინდება შესაძლო დანაშაულის ჩადენის ფაქტი.

კომენტარები