ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონი

მეუფე იაკობი პანსიონზე: სერიოზულად უნდა გამოიკვლიონ, მაგრამ ბევრი გრანტებზე მონადირე ვნახე

ბოდბელი ეპისკოპოსი იაკობი ნინოწმინდის პანსიონთან დაკავშირებით ამბობს, რომ სერიოზული გამოძიება უნდა ჩატარდეს და "აუცილებლად ყველაფერი გამოკვლეული უნდა იყოს".

"სერიოზულად უნდა გამოიკვლიონ. დამნაშავე, რა თქმა უნდა, დაისჯება. მაგრამ, თუ რამეს ვაბრალებთ, უნდა შევეცადოთ ხოლმე. ბევრი ისეთი ადამიანი ვნახე, იცით, ერთი არის დარღვევა და შეიძლება ძალიან ცუდად იქცეოდე ადამიანი, მაგრამ ბევრი ისეთი ადამიანი ვნახე, უბრალოდ გრანტებზე მონადირეები". – ამბობს მეუფე იაკობი. 

5 ივნისს სასამართლომ PHR-ის მოთხოვნა ნინოწმინდის პანსიონიდან ბავშვების გაყვანის შესახებ დააკმაყოფილა. ორგანიზაციის ხელმძღვანელის, ანა აბაშიძის თქმით, ბავშვების დაწესებულებიდან გაყვანა დაუყოვნებლივ უნდა დაიწყოს. გადაწყვეტილება მოსამართლე ივანე ღლონტმა მიიღო.  

PHR-ის წარმომადგენელი, ანა არგანაშვილი განმარტავს, რომ კანონმდებლობით ორგანიზაციისთვის განსაზღვრული სპეციალური მოსარჩელის სტატუსიდან გამომდინარე, განაჩენში არსებობს ტექნიკური ჩანაწერი პანსიონიდან მხოლოდ შშმ ბავშვების გაყვანის შესახებ, მაგრამ, მისივე თქმით, თუ პანსიონში საფრთხე არსებობს, რომელზეც მოსამართლეც საუბრობს, არ შეიძლება იქ რომელიმე ბავშვი დარჩეს. 

საქართველოს საპატრიარქომ ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონთან დაკავშირებით, რომელიც მის დაქვემდებარებაშია, განცხადება გაავრცლა. საპატრიარქო აღნიშნავს, რომ ისინი გაასაჩივრებენ სასამართლოს იმ გადაწყვეტილებას, რომლითაც PHR-ის მოთხოვნა პანსიონიდან ბავშვების დაუყოვნებლივ გამოყვანის შესახებ დაკმაყოფილდა.

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონიდან 20 არასრულწლოვანი ალტერნატიულ სერვისებში გადაანაწილეს, მათ შორის, 7 შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვია. 

9 ივნისს არასამთავრობო ორგანიზაციის პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის (PHR) თავმჯდომარემ, ანა აბაშიძემაც თქვა, რომ მოწმეებზე მიდის სერიოზული ზეწოლა, ამიტომ აუცილებელია მათ მიმართ დაცვის სპეციალური ღონისძიებების გამოყენება.

ამასთან ერთად, სახალხო დამცველის, ნინო ლომჯარიას ინფორმაციით, საპატრიარქოს დაქვემდებარებაში მყოფი ხიჭაურის უნივერსიტეტის საერთო საცხოვრებლიდან სტუდენტი ნინოწმინდის პანსიონში ძალადობაზე მიცემული ჩვენების გამო გააგდეს.


4 ივნისს სხალთის ეპარქიამ ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონის ბენეფიციარების ამსახველი ვიდეოჩანაწერი სოციალურ ქსელში გაავრცელა. ვიდეოში მონაწილე არასრულწლოვანების იდენტიფიცირება სრულად არის შესაძლებელი. 

ფაქტს გამოეხმაურა სახალხო დამცველიც და სახელმწიფო უწყებებს პანსიონში მყოფი არასრულწლოვნების უფლებადარღვევის განგრძობად ფაქტზე დაუყოვნებლივი რეაგირებისკენ მოუწოდა. ფაქტის შესწავლა დაიწყო სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმაც. 

2 ივნისს სახალხო დამცველმა, ნინო ლომჯარიამ თქვა, რომ ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონთან დაკავშირებით გამოძიება სავარაუდო გაუპატიურებაზეც არის დაწყებული. 3 ივნისს, საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურმა განცხადება გაავრცელა და  შსს-ს შესაბამის სამსახურს მიმართა, ბავშვთა სახლთან დაკავშირებული საქმეები გაესაჯაროებინა. 

მოგვიანებით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა განცხადება, რომ ნინოწმინდის პანსიონის საქმეში დანაშაულის დასადგენად საკმარისი მტკიცებულებები არ არის. განცხადების თანახმად, 2016 წლიდან დღემდე გამოძიება სისხლის სამართლის 4 საქმეზე მიმდინარეობს, თუმცა, ამ ეტაპზე, საქმეში არ არის საკმარის მტკიცებულებათა ის სტანდარტი, რომლითაც დადგინდება შესაძლო დანაშაულის ჩადენის ფაქტი.

კომენტარები