ლენტეხი

ლენტეხში ცემის შედეგად გარდაცვლილი მძღოლის საქმეზე სოფლის რწმუნებულის ქმარი დააკავეს

Tabula

ლენტეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩიხარეშში ცემის შედეგად სამარშრუტო ტაქსის მძღოლის გარდაცვალების საქმეზე სამართალდამცავებმა სოფლის რწმუნებულის ქმარი დააკავეს. მას დანაშაულის შეუტყობინებლობას ედავებიან. 

ინფორმაციას  TV პირველთან ადასტურებს ლენტეხის მერი, ბადრი ლიპარტელიანი, რომელიც ამბობს, რომ ამის შესახებ თავად სოფლის რწმუნებულმა აცნობა. 

"დამირეკა ჩემმა რწმუნებულმა, რომ დაკავებულია ჩემი მეუღლეო. მხოლოდ და მხოლოდ ეს ინფორმაცია ვიცი. რისთვის დააკავეს, რატომ დააკავეს, რა კავშირი აქვს ამ სიტუაციასთან, ვერ გეტყვით. ქალბატონი ანა ასრულებს თავის მოვალეობას. შესანიშნავი თანამშრომელი, შესანიშნავი ოჯახი და ძალიან ძალიან კმაყოფილი ვარ, როგორც მერი მისი მუშაობით. 

არასახარბიელო, ძალიან ცუდი შემთხვევა მოხდა ლენტეხის რაიონში, რომლითაც აღშფოთებულია მთელი რაიონის მოსახლეობა და მათ შორის –  მეც. რა მოხდა, რატომ მოხდა, ძალიან დაინტერესებულები ვართ". – ამბობს ლიპარტელიანი. 

ტაბულას შინაგან საქმეთა სამინისტროში 2 პირის დაკავება დაუდასტურეს. უწყების ინფორმაციით, მათ წინააღმდეგ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 370-ე მუხლით დაიწყო, რაც ცრუ ჩვენების მიცემას გულისხმობს.


შემთხვევა ლენტეხში 5 ივნისს მოხდა. ლენტეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩიხარეშში მელე-თბილისის სამარშურტო ტაქსის მძღოლი ცემეს და უგონო მდგომარეობაში მიატოვეს, ის საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა ვერ გადარჩა.  

საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

კომენტარები