ქართული ოცნება

მდინარაძე გახარიაზე: თუ გინდა, ოცნებას ზიანი მიაყენო, კობახიძეს უნდა დაარტყა

საქართველოს მთავრობა

ქართული ოცნების აღმასრულებელი მდივანი, მამუკა მდინარაძე ამბობს, რომ თუ ვინმეს სურს, ქართულ ოცნებას ზიანი მიაყენოს, პირველ რიგში, პარტიის თავმჯდომარეს, ირაკლი კობახიძეს უნდა "დაარტყას'. მდინარაძე ექსპრემიერის, გიორგი გახარიას კობახიძის მისამართით წარმოთქმულ სიტყვებს გამოეხმაურა.

"თუკი ოდნავ მაინც იცნობ ქართული ოცნების, ამ პარტიის შიდა სამზარეულოს და გინდა, მას ზიანი მიაყენო, პირველ რიგში, უნდა დაარტყა ირაკლი კობახიძეს. არამხოლოდ როგორც პოლიტიკურ ლიდერს ამ პარტიისას, არამედ როგორც მენეჯერს, რომელზეც არის ძალიან ბევრი რამ დამოკიდებული ამ პარტიაში და იმ პარტიულ შიდა სამზარეულოში, რასაც მენეჯმენტი ჰქვია ქართულ ოცნებაში". – თქვა მან. 

"ეს არის შეშინებული კაცის ბოდვა, მეტი არაფერი არ არის". – ასე გამოეხმაურა ყოფილი პრემიერმინისტრი და საქართველოსთვის ლიდერი, გიორგი გახარია ქართული ოცნების თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის ბრალდებას, რომ, შესაძლოა, გიორგი გახარია მიხეილ სააკაშვილთან ერთად ქვეყანაში რევოლუციის მოწყობას გეგმავდა. 

გიორგი გახარიამ პრემიერმინისტრის თანამდებობა 18 თებერვალს დატოვა. გადადგომისას გაკეთებულ განცხადებაში მან განმარტა, რომ გადაწყვეტილება ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარის, ნიკა მელიას საქმეს უკავშირდებოდა, რომელსაც წინა დღით საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. როგორც გიორგი გახარიამ თქვა, მას არ სურდა ენმ-ს ოფისში შტურმით შესვლა ნიკა მელიას დასაკავებლად და გუნდში ამასთან დაკავშირებით ვერ შეთანხმდა. 29 მაისს გახარიამ ახალი პარტია, საქართველოსთვის წარადგინა. 

კომენტარები