აშშ-თურქეთი

აშშ თურქეთს რუსული სარაკეტო სისტემის ყიდვის გამო F-35 თვითმფრინავების პროგრამიდან ხსნის

F-35
Washington Post

აშშ-ის თავდაცვის სამინისტროში ამბობენ, რომ რუსული S-400 ტიპის ანტისარაკეტო სისტემის განთავსების გამო თურქეთს ამერიკული F-35 ტიპის საბრძოლო თვითმფრინავების პროგრამიდან მოხსნიან.

"აშშ და F-35-ის პარტნიორები თანხმდებიან გადაწყვეტილებაზე, შეაჩერონ პროგრამაში თურქეთის მონაწილეობა და დაიწყონ მისი პროგრამიდან მოხსნის პროცესი." თქვა აშშ-ის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ.

თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში ეს ნაბიჯი უსამართლობად შეაფასეს და თქვეს, რომ ამან შესაძლოა ორ ქვეყანას შორის ურთიერთობებზე გავლენა მოახდინოს.

S-400 სისტემის პირველი ნაწილი თურქეთმა გასულ კვირას მიიღო. მას სირიის საზღვართან განათავსებენ. თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა თქვა, რომ ამის შემდეგ რუსეთთან S-500 ტიპის საჰაერო თავდაცვის სისტემის ერთობლივად წარმოებაზეც იმუშავებენ. ის ასევე ირწმუნებოდა, რომ ამ ნაბიჯის გამო თურქეთის F-35 საბრძოლო თვითმფრინავების პროგრამაში მონაწილეობას საფრთხე არ ემუქრებოდა.

თურქეთი F-35 ტიპის თვითმფრინავების 900-ზე მეტ ნაწილს აწარმოებს. აშშ-ის თავდაცვის მინისტრის მოადგილის თქმით ამის ჩანაცვლება აშშ-ს 500-დან 600 მილიონ დოლარამდე დაუჯდება. გარდა ამისა შეჩერდება თურქი პილოტების გადამზადების პროგრამაც. თურქეთი ვეღარ შეიძენს F-35 ტიპის 100 თვითმფრინავს, რის თაობაზეც შეთანხმება უკვე არსებობდა.

"თურქეთი ამის გამო, სამწუხაროდ, ამ გადაწყვეყილების გამო დაკარგავს სამუშაო ადგილებს და სამომავლო ეკონომიკურ შესაძლებლობებს. ის 9 მილიარდ დოლარზე მეტი ღირებულების მქონე პროექტებს დაკარგავს, რომლებიც F-35-ის პროგრამასთანაა კავშირში." თქვა მან.

F-35 აშშ-ის სამხედრო არსენალში არსებული ყველაზე განვითარებული საბრძოლო თვითმფრინავია. მას ნატო და აშშ-ის სხვა მოკავშირეები იყენებენ, რომლებსაც მიაჩნიათ, რომ რუსული სარაკეტო სისტემა ნატოს სტანდარტებთან შეუთავსებელია და თურქეთს მის შეძენაზე უარის თქმისკენ მოუწოდებდნენ.

ვაშინგტონში მიაჩნიათ, რომ S-400 სისტემისა და F-35 თვითმფრინავების ერთად განლაგება რუსეთს საშუალებას მისცემს ინფორმაცია მოიპოვოს თვითმფრინავების სისტემაზე და საფრთხეს შეუქმნის მას.

კომენტარები