საქართველოს საპატრიარქო

პატრიარქმა მოსკოვს დაქვემდებარებული უკრაინის ეკლესიის იერარქები მიიღო

საქართველოს საპატრიარქო

მოსკოვს დაქვემდებარებული უკრაინის ეკლესიის დელეგაცია საპატრიარქოს სტუმრობს. დელეგაციას საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა, ილია მეორემ უმასპინძლა. ინფორმაციას თავად საპატრიარქოს ოფიციალური Facebook გვერდი ავრცელებს.

"2021 წლის 7 ივნისს საქართველოს საპატრიარქოში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარეს ილია II-ს, თანმხლებ სასულიერო პირებთან ერთად, უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის მღვდელმთავარი და საქმეთა მმართველი, ბორისპოლისა და ბროვარის მიტროპოლიტი ანტონი ეწვია". – წერია საქართველოს საპატრიარქოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

შეხვედრას საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიიდან მოსაყდრე შიო მუჯირი, საპატრიარქოს საგარეო საქმეთა განყოფილების თავმჯდომარე, ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტი გერასიმე, ახალციისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტი თეოდორე და გორისა და ატენის მიტროპოლიტი ანდრია ესწრებოდნენ.

შეხვედრა ძმურ და თბილ ვითარებაში წარიმართა, მიტროპოლიტი ანტონი საქართველოს პატრიარქს ესაუბრა უკრაინის მართლმადიდებლობაში არსებული მდგომარეობის შესახებ. განიხილეს უკრაინისა და საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიებს შორის შემდგომი თანამშრომლობის გზები". – წერია განცხადებაში.

უკრაინის ეკლესიამ ავტოკეფალია 2018 წლის დეკემბერში მიიღო, 2019 წლის 5 იანვარს კი სტამბოლში, კონსტანტინოპოლის ეკლესიამ უკრაინის ავტოკეფალიის ეკლესიის წარმომადგენლებთან ერთად ავტოკეფალიის ტომოსს (სიგელს) ხელი მოაწერა. 

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიას ამ დრომდე არ აღიარებს. 

კომენტარები