დონალდ ტრამპი

ტრამპი პანდემიაზე: დროა, ამერიკამ და მსოფლიომ ჩინეთისგან რეპარაცია მოითხოვოს

დონალდ ტრამპი

აშშ-ს ყოფილი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ჩრდილოეთ კაროლინაში, ქალაქ გრინვილში რესპუბლიკური პარტიის კონფერენციაზე სიტყვით გამოვიდა. ბოლო სამ თვეში ტრამპი საჯაროდ პირველად გამოვიდა სიტყვით.

90-წუთიან გამოსვლაში ტრამპმა ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია აქტიურად გააკრიტიკა. ყოფილმა პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ მზადაა, 2022 წელს კონგრესის არჩევნებში რესპუბლიკურ პარტიას დაეხმაროს და კიდევ ერთხელ მიანიშნა 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში თავის შესაძლო მონაწილეობაზე.

დონალდ ტრამპი პანდემიის საკითხსაც შეეხო და თქვა, რომ ჩინეთის ხელისუფლებამ აშშ-სა და დანარჩენ მსოფლიოს, სულ მცირე, 10 ტრილიონი დოლარი უნდა გადაუხადოს პანდემიისგან მიყენებული ზარალისთვის, გარდა ამისა, მან აღნიშნა, რომ ქვეყნებმა უარი უნდა თქვან ჩინეთისთვის ვალების დაბრუნებაზე.

"დროა, ამერიკამ და მსოფლიომ ჩინეთის კომუნისტური პარტიისგან რეპარაციები მოითხოვონ. ყველამ ერთხმად უნდა განვაცხადოთ, რომ ჩინეთმა პასუხი უნდა აგოს". – თქვა დონალდ ტრამპმა.

ტრამპმა ბაიდენის კრიტიკისას აშშ-ს ამჟამინდელ ადმინისტრაციას "ისტორიაში ყველაზე რადიკალური მემარცხენე ადმინისტრაცია" უწოდა. ყოფილმა პრეზიდენტმა ასევე გააკრიტიკა ბაიდენის საიმიგრაციო პოლიტიკა, პარიზის ხელშეკრულებაში დაბრუნების გადაწყვეტილება და ინფრასტრუქტურის საინვესტიციო პაკეტის კორპორაციული გადასახადების გაზრდით დაფინანსების გეგმა.

ტრამპმა ბაიდენი ჩრდილოეთის ნაკადი 2-ს მშენებლობის მხარდაჭერაში დაადანაშაულა, ვინაიდან აშშ-მ უარი თქვა პროექტთან დაკავშირებით სანქციების შემოღებაზე. ბაიდენის განმარტებით, ჩრდილოეთის ნაკადი 2-ზე სანქციები კონტრპროდუქტიული იქნებოდა ევროკავშირთან ურთიერთობების მხრივ. ყოფილმა პრეზიდენტმა ასევე თქვა, რომ ჩინეთის ხელისუფლება და ვლადიმირ პუტინი ღიად დასცინიან ბაიდენს.

კომენტარები