ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონი

არგანაშვილი: არასწორია სააგენტო, როცა პანსიონიდან მხოლოდ ის ბავშვები გამოჰყავს, ვინც ითხოვს

არასწორია სააგენტოს პოზიცია, როცა მხოლოდ ის ბავშვები გამოჰყავთ ნინოწმინდის ბავშვთა სახლიდან, ვინც ამას მოითხოვს.

ბავშვებს არ უნდა მოვთხოვოთ ამხელა გამბედაობა, რომ დაუპირისპირდნენ სისტემას, აღმზრდელებს, რელიგიურ ინსტიტუციას, ან უსაფრთხოების რისკები თავად შეაფასონ. ბავშვების აზრი ნამდვილად მნიშვნელოვანია, მაგრამ არა მაშინ, როდესაც მათ ობიექტური საფრთხე ემუქრება, ან მათი ნება არის დათრგუნული და იძულებულია, უფროსებს ასიამოვნოს რაიმეზე დათანხმებით.

თუ ბავშვი ასეთი გამბედავი და ძლიერი არაა, რომ წინააღმდეგობის გაწევა გაბედოს, დავტოვოთ ძალადობრივ და უკანონო გარემოში?

ჯერ ყველა ბავშვი გამოიყვანეთ და შეუქმენით სრული უსაფრთხოების და დაცულობის განცდა და მერე ჰკითხეთ, სად უნდათ ყოფნა.

ბავშვთა სახლიდან ბავშვთა სახლში გადაყვანაც არასწორია, დააბრუნეთ ბიოლოგიურ ოჯახებში ან, მინდობით აღზრდის და მცირე საოჯახო ტიპის სახლებში

წერს პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის (PHR) იურისტი, ანა არგანაშვილი. სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოს ინფორმაციით, ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონის დატოვების სურვილი 6-მა არასრულწლოვანმა გამოთქვა, ისინი უკვე გადაიყვანეს ზრუნვის სხვა ფორმაში. ასევე, ამჟამად იდენტიფიცირებულია კიდევ 10-მდე ბავშვი, რომელთა გადაყვანაზეც მიმდინარეობს მუშაობა.

კომენტარები