ნინიწმინდის ბავშვთა პანსიონი

მეუფე ნიკოლოზი: ლომჯარიამ მოგვიყვეს, რა კითხვებს დაუსვამს, ბავშვებს ვუფრთხილდებით

ახალქალაქის, კუმურდოსა და კარის მიტროპოლიტი ნიკოლოზი ამბობს, რომ სახალხო დამცველმა, ნინო ლომჯარიამ მათ წინასწარ უნდა შეუთანხმოს, რა კითხვებს დაუსვამს ნინოწმინდის პანსიონში ბავშვებს და, მეუფე ნიკოლოზის თქმით, "მგონია, პრობლემა არ ექნება".

"ქალბატონი ნინო თუ გამოჩნდება, მე ვფიქრობ, რომ დაახლოებით უნდა მოგვიყვეს, რა ტიპის მონიტორინგის ჩატარებას აპირებს, ბავშვებს რა შეკითხვებს დაუსვამს. დახურული სივრცეა და ჩვენ ვუფრთხილდებით ამ ბავშვებს და სახალხო დამცველის აპარატზე ვიტყვი, ნინოზე ვერ ვიტყვი ცუდს - ტყუილებს ლაპარაკობენ და ამ ტყუილებისგან ბავშვების დასაცავად. მოგვიყვეს. შევთანხმდეთ, შეგვიძლია, ეს საუბარი ეთერში ჩავატაროთ და მგონია, რომ პრობლემა არ ექნება". – ამბობს მეუფე ნიკოლოზი TV პირველთან.  

გუშინ, 1-ელ ივნისს ნინო ლომჯარიამ თქვა, რომ პანსიონთან დაკავშირებით დაწყებული გამოძიებები მხოლოდ ძალადობრივ დანაშაულებს არ ეხება  და ასაუბარი უფრო მძიმე დანაშაულებზეც არის. 

1-ელ ივნისს, ბავშვთა დაცვის დღეს, მთავრობის ადმინისტრაციასთან საპროტესტო აქცია გაიმართა - "რა ხდება ნინოწმინდის პანსიონატში?" აქციის მონაწილეებმა  ნინოწმინდის ბავშვთა სახლში სახალხო დამცველის შესვლის მოთხოვნით პეტიციაც შექმნეს

19 მაისს სახალხო დამცველმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონის მონიტორინგის შესაძლებლობა, გაეროს ბავშვთა კომიტეტის მიერ მიღებული დროებითი ღონისძიების მიუხედავად, კვლავ არ მიეცათ. განცხადების მიხედვით, დაწესებულების წარმომადგენლებმა გასაუბრება არ ისურვეს და ამის მიზეზად ხელმძღვანელის მითითება დაასახელეს. 

მანამდე, ომბუდსმენის რწმუნებულებს მონიტორინგის ჩატარების უფლება 15 აპრილს არ მისცეს და მიზეზად თავდაპირველადაც მეუფე სპირიდონის მითითებას ასახელებდნენ. საპასუხოდ, გაეროს ბავშვთა უფლებათა კომიტეტმა ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონთან მიმართებით დროებითი ღონისძიება გამოსცა. კერძოდ, კომიტეტის მოწოდებით, სახელმწიფო ვალდებულებაა, დაუყოვნებლივ უზრუნველყო შესაბამისიუფლებამოსილების მქონე მონიტორინგის განმახორციელებელი ორგანოების მიერ ნინოწმინდის პანსიონში ბავშვის უფლებრივი მდგომარეობის შემოწმება. გაეროს ბავშვთა კომიტეტმა დროებითი ღონისძიება არასამთავრობო ორგანიზაცია პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის მიმართვის საფუძველზე გამოსცა. 

კომენტარები