ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონი

მეუფე ნიკოლოზი ნინოწმინდაზე: ქუჩიდან წამოყვანილი ბავშვისთვის ნებისმიერი პირობა უკეთესობაა

"ქუჩიდან წამოყვანილი ბავშვისთვის ნებისმიერი პირობა უკეთესობაა". – ამბობს ახალქალაქის, კუმურდოსა და კარის მიტროპოლიტი ნიკოლოზი ტელეკომპანია პირველთან ინტერვიუში, ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონზე საუბრისას. 

მეუფე ნიკოლოზი ამბობს, რომ ნინოწმინდის ბავშვთა სახლში ბავშვები არიან "იმაზე უკეთეს პირობებში, რაშიც იყვნენ" მანამ, სანამ პანსიონში მიიყვანდნენ.  

"მეტანია დასჯა არ არის. თქვენ გაგიკეთებიათ მეტანია? რომ არ გაგიკეთებიათ, იმიტომ ამბობთ. როგორ შეიძლება, მეტანია დასჯის მეთოდი იყოს? გინდათ მცირეწლოვანი ბავშვისთვის. ჩვენ ვაჩვევთ იმას, როგორ იცხოვროს ღვთისათვის. ლოცვა შეიძლება დასჯა იყოს? მეტანია ლოცვის ატრიბუტია, პირჯვრის გადაწერა შეიძლება დასჯა იყოს? მამაო ჩვენოს რომ იტყვის და პირჯვარს გადაიწერს ადამიანი... დავსაჯე? მეტანიის გაკეთება დასჯა არ შეიძლება იყოს. იქ ქრისტიანული სასწავლებელია, სადაც ბავშვები არიან ქუჩიდან წამოყვანილები [...] იქიდან წამოვიყვანეთ, ვაცხოვრებთ, ავუშენეთ სახლები. ქუჩიდან წამოყვანილი ბავშვისთვის ნებისმიერი პირობა უკეთესობაა". – ამბობს მეუფე ნიკოლოზი. 

გუშინ, 1-ელ ივნისს ნინო ლომჯარიამ თქვა, რომ პანსიონთან დაკავშირებით დაწყებული გამოძიებები მხოლოდ ძალადობრივ დანაშაულებს არ ეხება და საუბარი უფრო მძიმე დანაშაულებზეც არის. 

1-ელ ივნისს, ბავშვთა დაცვის დღეს, მთავრობის ადმინისტრაციასთან საპროტესტო აქცია გაიმართა - "რა ხდება ნინოწმინდის პანსიონატში?" აქციის მონაწილეებმა  ნინოწმინდის ბავშვთა სახლში სახალხო დამცველის შესვლის მოთხოვნით პეტიციაც შექმნეს

19 მაისს სახალხო დამცველმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონის მონიტორინგის შესაძლებლობა, გაეროს ბავშვთა კომიტეტის მიერ მიღებული დროებითი ღონისძიების მიუხედავად, კვლავ არ მიეცათ. განცხადების მიხედვით, დაწესებულების წარმომადგენლებმა გასაუბრება არ ისურვეს და ამის მიზეზად ხელმძღვანელის მითითება დაასახელეს. 

მანამდე, ომბუდსმენის რწმუნებულებს მონიტორინგის ჩატარების უფლება 15 აპრილს არ მისცეს და მიზეზად თავდაპირველადაც მეუფე სპირიდონის მითითებას ასახელებდნენ. საპასუხოდ, გაეროს ბავშვთა უფლებათა კომიტეტმა ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონთან მიმართებით დროებითი ღონისძიება გამოსცა. კერძოდ, კომიტეტის მოწოდებით, სახელმწიფო ვალდებულებაა, დაუყოვნებლივ უზრუნველყო შესაბამისიუფლებამოსილების მქონე მონიტორინგის განმახორციელებელი ორგანოების მიერ ნინოწმინდის პანსიონში ბავშვის უფლებრივი მდგომარეობის შემოწმება. გაეროს ბავშვთა კომიტეტმა დროებითი ღონისძიება არასამთავრობო ორგანიზაცია პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის მიმართვის საფუძველზე გამოსცა. 

კომენტარები