ნამახვანჰესი

შსს: რიონში პოლიციელზე თავდამსხმელის დაკავებისას პოლიციამ გამაფრთხილებლად გაისროლა

ნამახვანჰესი
კადრი ვიდეოდან/ტვ.პირველი

შინაგან საქმეთა სამინისტრო სოფელ გუმათში ნამახვანჰესის მშენებლობის მოწინააღმდეგე ერთ-ერთი აქტივისტის დაკავებასთან დაკავშირებით, რომელსაც პოლიციელზე თავდასხმას ედავებიან, განცხადებას ავრცელებს. 

შსს-ს განცხადებით, მისი დაკავების დროს პოლიციის თანამშრომლებს წინააღმდეგობა გაუწიეს ადგილობრივმა მაცხოვრებლებმა, რის შემდეგაც პოლიციამ კანონმდებლობის შესაბამისად იძულების ღონისძიება გამოიყენა.

"როგორც უკვე ვაცნობეთ საზოგადოებას, ი.მ.-ს დაკავების დროს პოლიციის თანამშრომლებს წინააღმდეგობა გაუწიეს ადგილობრივმა მცხოვრებლებმა, მოხდა თავდასხმა სამართალდამცველებზე. ადგილობრივებმა პოლიციას გადაადგილების საშუალება შეუზღუდეს, ცდილობდნენ მოსამართლის განჩინების საფუძველზე დაკავებული ბრალდებულის გათავისუფლებას, შეეცადნენ ცეცხლსასროლი იარაღის პოლიციისთვის წართმევას და უწევდნენ წინააღმდეგობას. ამავდროულად პოლიციას ესროდნენ ქვებს და სხვადასხვა საგნებს, რის შედეგადაც ჯანმრთელობის დაზიანება მიიღო პოლიციის ორმა თანამშრომელმა.

სიტუაციის ესკალაციის და დაპირისპირების განმუხტვის მიზნით პოლიციამ განახორციელა გამაფრთხილებელი გასროლა. ასევე, გამოყენებულ იქნა სპეციალური საშუალებები". –წერია განცხადებაში. 

დაკავებულის ძმა, ბესიკ მუკბანიანი, მთავარ არხთან ინტერვიუში ამბობს, რომ მისი ძმის დაკავებისას პოლიციელებმა ორი პირი ფეხში დაჭრეს. 

"დღეს, ჩვენი მეგობრის გარდაცვლილი მამის საფლავს აკეთებდნენ თანასოფლელები, ძმაკაცები, ახლობლები. ყველანაირი გაფრთხილების გარეშე მოცვივდნენ [პოლიციელები] პირდაპირ, ცუდი რეაქციით, რაც არ იყო საჭირო არანაირად. დაწექითო და გამაფრთხილებელი გასროლა ჰაერშიც არ გაუკეთებიათ, პირდაპირ მაკაროვის ცეცხლსასროლი იარაღიდან ისროლეს, ორი ადამიანია დაჭრილი ფეხის არეში". – ამბობს ბესიკ მუკბანიანი. 

როგორც ტაბულას შსს-ში უთხრეს, დაჭრილებთან დაკავშირებით ინფორმაცია არ აქვთ. 

მასალა ახლდება

კომენტარები