საქართველოს რაგბის კავშირი

საქართველოს რაგბის კავშირმა ლიტვის შვიდკაცა სათამაშოდ მოიწვია, თუმცა აეროპორტში არ დახვდა

ტვ პირველის ინფორმაციაზე დაყრდნობით, ლიტვის ეროვნული რაგბის შვიდკაცა ნაკრები საქართველოს ეროვნულ შვიდკაცასთან სათამაშოდ ჩამოვიდა, თუმცა მათ აეროპორტში არავინ დახვედრია. 

როგორც გაირკვა, საქართველოს ნაკრების მოთამაშეებს კორონავირუსი დაუდასტურდათ, თუმცა ამის შესახებ ლიტველებს ინფორმაცია არავინ მიაწოდა. საქართველოში ჩამოსვლისას, მეგობარი ქვეყნის შვიდკაცა ნაკრებს საქართველოს რაგბის კავშირის არცერთი წარმომადგენელი აეროპორტში არ დახვედრია და არც დაბინავების შემდეგ მოუკითხავს ვინმეს. 

ლიეტუვის რაგბის კავშირის პრეზიდენტის თქმით, მომავალში ის აღარ აპირებს საქართველოს რაგბის კავშირთან თანამშრომლობას, რადგან მათ განსაკუთრებული შეურაცხყოფა მიაყენეს.

"როცა ჩამოვფრინდით, არავინ დაგვხვდა. თქვეს, რომ პრობლემები ჰქონდათ გუნდში და ვერ დაგვეხმარებოდნენ. მეტი არაფერი უთქვამთ, სულ ეს იყო. არ მინდა, კიდევ ბევრი ცუდი რამ ვთქვა, მაგრამ ეს ძალიან უცნაური იყო და გაკვირვებული დავრჩით. ჩვენს ქვეყნებს დიდი ხნის მეგობრობა აკავშირებთ, თუმცა არა მგონია, შემდეგში კიდევ ვითანამშრომლოთ. ეს იყო უდიდესი უპატივცემულობა როგორც ჩვენი რაგბის კავშირისთვის, ასევე ქვეყნისთვის. ჩვენ ჩამოვედით საქართველოში და ერთი პირიც კი არ გამოგვიყვეს, ვინც დაგვხვდებოდა. მადლობას ვუხდით კლუბებს, რომლებიც თავიანთი ინიციატივით დაგვეხმარნენ. რაგბიში ასე არ ხდება, რაგბი მეგობრობაზეა დამყარებული". – ამბობს ტვ პირველთან ინტერვიუში ლიტვის რაგბის კავშირის პრეზიდენტი.

ლიტვის შვიდკაცა ნაკრებმა საქართველო გუშინ, 30 მაისს, თბილისის აეროპორტიდან დატოვეს.

კომენტარები