კორონავირუსი და ტურიზმი

გამყრელიძე: ვაქცინირებულ მგზავრს შემოსვლისას PCR ტესტიც დასჭირდება, დადგენილება გამოდის

NCDC

ახალი დადგენილებით, თუ საქართველოში შემოდის ორჯერადად აცრილი ადამიანი, მას მაინც დასჭირდება ­ნეგატიური PCR ტესტის წარდგენა. ინტერპრესნიუსის ცნობით, ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ ჟურნალისტებისთვის გამართულ ვებინარზე განაცხადა. მისივე თქმით, თუ მგზავრი საქართველოში მხოლოდ ნეგატიური PCR ტესტით შემოდის, მას 72 საათში საკუთარი ხარჯებით განმეორებითი PCR ტესტის ჩატარება მოუწევს.

"დღეს ახალი დადგენილება გამოდის, სადაც იქნება შესაბამისი რეგულაციები. თუ შემოდის ორჯერადად აცრილი ადამიანი, მას მაინც სჭირდება ნეგატიური PCR ტესტი, თუ ადამიანი შემოდის მხოლოდ ნეგატიური PCR ტესტით, მაშინ მან შემდგომი 72 საათის განმავლობაში უკვე თავისი ხარჯებით უნდა ჩაიტაროს PCR ტესტი. მას საზღვარზე მიეცემა ჩამონათვალი ლაბორატორიების, რომელიც ქვეყნის მასშტაბით 50-მდეა, სადაც მათ შეუძლიათ ჩაიტარონ PCR ტესტი, ისე რომ, ქვეყნის დატოვებისას ჰქონდეთ მათ შესაბამისი საბუთი, რომ მეორე PCR-იც 72 საათში იყო უარყოფითი. წინააღმდეგ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, იქნება შესაბამისი ჯარიმა". – განაცხადა გამყრელიძემ.

აქამდე, საჰაერო გზით შემოსულ მგზავრს PCR ტესტის წარდგენა მხოლოდ იმ შემთხვევაში სჭირდებოდა, თუ ორჯერადად აცრილი არ იყო. ნებისმიერი ვაქცინით ორჯერადად აცრილ პირს საქართველოში შემოსვლა თავისუფლად შეეძლო. 

კომენტარები