ნინოწმინდის ბავშვთა სახლი

რა ხდება ნინოწმინდის პანსიონში? – თბილისში აქცია გაიმართა

ნატა ფერაძე

რა ხდება ნინოწმინდის პანსიონში? -  აქტივისტებმა თბილისში აქცია გამართეს და მშვიდობის ხიდზე, ქართული ოცნების ოფისთან და საქართველოს საპატრიარქოსთან ბანერი გამოფინეს. 

ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონთან განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებული საპროტესტო აქცია პირველ ივნისს, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს, 18:00-ზე, მთავრობის კანცელარიასთან გაიმართება

15 აპრილს სახალხო დამცველის რწმუნებულებს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქოს ა(ა)იპ ჯავახეთის ნინოწმინდის წმინდა ნინოს ობოლ, უპატრონო და მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა პანსიონში მონიტორინგის განხორციელების შესაძლებლობა არ მიეცათ. ამის მიზეზად, დაწესებულების წარმომადგენელმა სხალთის მთავარეპისკოპოსის მეუფე სპირიდონის მითითება დაასახელა.   

გაეროს ბავშვთა უფლებათა კომიტეტმა ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონთან მიმართებით დროებითი ღონისძიება გამოსცა. კერძოდ, კომიტეტის მოწოდებით, სახელმწიფო ვალდებულებაა, დაუყოვნებლივ უზრუნველყო შესაბამისიუფლებამოსილების მქონე მონიტორინგის განმახორციელებელი ორგანოების მიერ ნინოწმინდის პანსიონში ბავშვის უფლებრივი მდგომარეობის შემოწმება. გაეროს ბავშვთა კომიტეტმა დროებითი ღონისძიება არასამთავრობო ორგანიზაცია პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის მიმართვის საფუძველზე გამოსცა.

19 მაისს სახალხო დამცველის ინფორმაციით, ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონის მონიტორინგის შესაძლებლობა, გაეროს ბავშვთა კომიტეტის მიერ მიღებული დროებითი ღონისძიების მიუხედავად, კვლავ არ მიეცათ. განცხადების მიხედვით, დაწესებულების წარმომადგენლებმა გასაუბრება არ ისურვეს და ამის მიზეზად ხელმძღვანელის მითითება დაასახელეს.

 

კომენტარები