საქართველოს საფონდო ბირჟა

სამ თვეზე მეტია, რაც საქართველოს საფონდო ბირჟაზე გარიგება არ შემდგარა  

საქართველოს საფონდო ბირჟა
ფოტო: gse.ge

სამ თვეზე მეტი გავიდა მას შემდეგ, რაც საქართველოს საფონდო ბირჟაზე ბოლო გარიგება დაფიქსირდა

უკანასკნელი სამი თვის განმავლობაში ბირჟაზე არცერთი შეთანხმება არ შემდგარა, შესაბამისად, 2021 წლის მარტის, აპრილისა და მაისის საშუალო დღიური ბრუნვა ნული ლარს შეადგენს. 

ბოლო ტრანზაქცია, რომელიც ბირჟაზე შედგა, 23 თებერვლითაა დათარიღებული და იგი სს ლიბერთი ბანკის მიერ 366 ლარის აქციების გაყიდვას გულისხმობს. 

2021 წლის განმავლობაში, ბირჟაზე სულ 8 გარიგება შედგა, აქედან 5 სს გრინ დაზღვევა საქართველოს აქციებს შეეხება, 3 კი – სს ლიბერთი ბანკისას. ჯამში, გარიგებების საბაზრო ღირებულება 2 454 ლარია.

სსბ-ის ინფორმაციით, ბირჟაზე 28 კომპანიის ფასიანი ქაღალდებია განთავსებული და მათი ჯამური მოცულობა 691 მილიონ დოლარს შეადგენს.


"საქართველოს საფონდო ბირჟა არის ერთადერთი მოქმედი ორგანიზებული ფასიანი ქაღალდების ბაზარი საქართველოში, რომელიც USAID-ის მხარდაჭერით ჩამოყალიბდა და ფუნქციონირებს ამერიკელი ექსპერტების დახმარებით შემუშავებულ საკანონმდებლო ჩარჩოებში. სსბ აკმაყოფილებს ფასიანი ქაღალდებით ვაჭრობის საერთაშორისოდ დამკვიდრებული პრაქტიკის ყველა საბაზისო მოთხოვნას.ჩვენ ვთავაზობთ ეფექტურ საინვესტიციო მექანიზმს როგორც ადგილობრივ, ასევე უცხოელ ინვესტორებს.

სსბ-ის ელექტრონული სავაჭრო სისტემა ბროკერებს ათასობით სხვადასხვა აქციით ვაჭრობის შესაძლებლობას აძლევს სამუშაო ადგილებიდან, რომლებიც განლაგებულია როგორც სსბ-ის სავაჭრო დარბაზში, ასევე საბროკერო კომპანიათა ოფისებში - დისტანციური წვდომის ტერმინალების დახმარებით". – წერია სსბ-ის ოფიციალურ გვერდზე.

კომენტარები