ერთიანი ნაციონალური მოძრაობა

სანიკიძე: ენმ პარლამენტში შედის, მაგრამ საპარლამენტო თანამდებობებზე უარს ვამბობთ

რუსთავი2

"გადაწყვეტილება მიღებულია, ეს არ არის სტრატეგიული გადაწყვეტილება, ეს არის ტაქტიკური გადაწყვეტილება". - ამბობს ენმ-ს ლიდერი გუბაზ სანიკიძე ნაციონალური მოძრაობის პარლამენტში შესვლის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით.

"ჩემი პოზიცია იყო, რომ ვითამაშებდი გუნდურ თამაშს, რა გადაწყვეტილებასაც მიიღებდა ნაციონალური მოძრაობის პოლიტიკური საბჭო, იმ გადაწყვეტილებას დავეთანხმებოდი. ჩემთვის მნიშვნელოვანი იყო ერთობა სადეპუტაციო კორპუსის. ეს ერთობა შენარჩუნებულია, განმტკიცებულია. იყო სხვადასხვა მოსაზრებები. შესვლა - არ შესვლა ტაქტიკის საკითხი იყო. ჩემთვის მთავარი იყო ერთობა შენარჩუნებულიყო თვითონ კოალიციაში, ეს შენარჩუნებულია.

მერე მეორე, შესვლას თავისი გაგრძელება აქვს, რა უნდა გავაკეთოთ, როგორ უნდა გავაკეთოთ. გარეთ რომ დავრჩენილიყავით, იმასაც თავის გაგრძელება უნდა ჰქონოდა.

ვაპირებთ პარლამენტში შესვლას, ხელშეკრულებაზე ხელის არ მოწერას და საპარლამენტო თანამდებობების არ დაკავებას". - ამბობს სანიკიძე. 


ერთიანი ნაციონალური მოძრაობა პარლამენტში შედის. პოლიტსაბჭოს გადაწყვეტილება პარტიის თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ გამოაცხადა

2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ოპოზიციურმა პარტიებმა საკანონმდებლო ორგანოში შესვლას ბოიკოტი გამოუცხადეს. საპარლამენტო საქმიანობაში ჩართვა ევროკავშირის მედიაციით შემდგარი შეთანხმების ნაწილია, თუმცა ენმ პარლამენტში შესვლაზე უარს აცხადებდა მანამ, სანამ პარტიის თავმჯდომარე, ნიკა მელია საპატიმროს არ დატოვებდა. 

მას შემდეგ, რაც ნიკა მელიას თანხმობით ევროკავშირის ერთ-ერთმა დამოუკიდებელმა ფონდმა, EED-მ გირაო გადაიხადა, ნიკა მელიამ საპატიმრო 10 მაისს დატოვა და თქვა, რომ ერთიანი ნაციონალური მოძრაობის პარლამენტში შესვლასთან დაკავშირებით პარტიის წევრებთან და მხარდამჭერებთან კონსულტაციები უნდა გაემართათ.  

ოპოზიციური პარტიების ნაწილმა და ქართულმა ოცნებამ ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელის მიერ შემოთავაზებულ შეთანხმებას ხელი მოაწერეს. შეთანხმებას ამ დრომდე ხელს არ აწერს ენმ, თუმცა მას დამოუკიდებელი დეპუტატების სტატუსით ხელი მოაწერეს პარტიის უკვე ყოფილმა წევრებმა, სალომე სამადაშვილმა და გრიგოლ ვაშაძემ. დოკუმენტს ხელს ასევე არ აწერენ ევროპული საქართველო, ლეიბორისტული პარტია და პარტია კანონი და სამართალი, ასევე, ევროპული საქართველოს საარჩევნო სიის წევრი და ამჟამად დროას ლიდერი, ელენე ხოშტარია

ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ ცესკოს მიერ გამოცხადებული შედეგებით, 2020 წლის საპარლამენტო  არჩევნებში ამომრჩეველთა ხმების 27.18% აიღო, რაც 523 127 მოქალაქის ხმაა. პარტიამ მე-10 მოწვევის პარლამენტში 36 მანდატი მოიპოვა.

კომენტარები