ენერგეტიკა

საქართველოში მოხმარებული ელექტროენერგიის 65% ადგილობრივ ჰესებზე მოდის

Galt & Taggart-ი საქართველოს ელექტროენერგიის ბაზრის კვლევას აქვეყნებს.

დოკუმენტის მიხედვით, 2020 წელს საქართველომ 12.1 ტერავატი ელექტროენერგია მოიხმარა, რაც, 2019 წელთან შედარებით, 4.9%-ით შემცირებული მაჩვენებელია. ელექტროენერგიის შემცირება კორონავირუსის პანდემიის წინააღმდეგ გატარებულ სოციოეკონომიკურ შეზღუდვებს უკავშირდება. 

მოხმარების შემცირების ფონზე, 2020 წელს საქართველოს დადგმული სიმძლავრე 432 მეგავატით გაიზარდა და 4.5 გეგავატს მიაღწია. მიუხედავად ამისა, ქვეყანა მაინც ვერ ახერხებს ადგილობრივი მოთხოვნის სრულად დაკმაყოფილებას. 2020 წელს საქართველოში მოხმარებული ელექტროენერგიის 64.6% ჰიდროელექტროსადგურების მიერ იყო გამომუშავებული, 0.7% – ქარის ტურბინების, 22.1% კი თბოსადგურების მიერ. მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად საჭირო, დარჩენილი 12.6% კი იმპორტირებულ ელექტროენერგიას წარმოადგენს. 

2020 წლის მდგომარეობით, ქვეყანა ელექტროენერგიის წმინდა იმპორტიორია, ჯამური სავაჭრო დეფიციტი კი $58.7 მილიონ დოლარს შეადგენს. გასულ წელს საქართველომ 1.6 ტერავატი ელექტროენერგია იყიდა და 0.2 გაყიდა. 

კომენტარები