კრიპტოვალუტა

ობლიგაციების ფლობას ბიტკოინი მირჩევნია – უმსხვილესი ჰეჯფონდის დამფუძნებელი, რეი დალიო 

რეი დალიო
ფოტო: coinposters.com

მსოფლიოს უმსხვილესი ჰეჯფონდის, Bridgewater Associates-ის დამფუძნებელმა და დირექტორმა, რეი დალიომ CoinDesk-თან ინტერვიუში კრიპტოაქტივების შესახებ ისაუბრა, სადაც თქვა, რომ ობლიგაციების ფლობას ბიტკოინი ურჩევნია. 

72 წლის მილიარდერმა თქვა, რომ ის თავად ფლობს ბიტკოინს და ფიქრობს, რომ კრიპტოვალუტა სულ უფრო მეტად მიმზიდველი ხდება ინვესტორებისა და საფინანსო ინსტიტუტებისათვის. 

"მე, პირადად, ობლიგაციების ფლობას ბიტკოინი მირჩევნია". – თქვა დალიომ. 

ობლიგაციები [ბონდები] სახელმწიფოების მიერ გამოშვებული ფასიანი ქაღალდებია.

გლობალური ობლიგაციების მარკეტი თითქმის 120 ტრილიონ დოლარს აღწევს, შედარებისთვის, კრიპტოვალუტის საერთო საბაზრო კაპიტალიზაცია 2 ტრილიონ დოლარზე ნაკლებია.  

დალიო თვლის, რომ მომავალში საინვესტიციო პორტფელში ობლიგაციებისთვის გამოყოფილ წილს კრიპტოაქტივები დაიკავებს. 

აღსანიშნავია, რომ 2017 წელს დალიომ თქვა, რომ ბიტკოინი მხოლოდ სპეკულაციური ბუშტი იყო და მას არავითარი ღირებულება არ გააჩნდა, თუმცა 2020 წლიდან მოყოლებული მისი დამოკიდებულება კრიპტოაქტივების მიმართ მკვეთრად შეიცვალა. 

"ბიტკოინისთვის უდიდესი რისკი თავად მისი საკუთარი წარმატებაა". – თქვა დალიომ ბიტკოინის მზარდ წარმატებასთან დაკავშირებით, რომელმაც, შესაძლოა, ცენტრალური ბანკებისა და მთავრობების გაღიზიანება გამოიწვიოს. 

მისი აზრით, ობლიგაციებზე შემცირებული მოთხოვნა, ცენტრალურ ბანკებზე ნაკლები დამოკიდებულება და მოსახლეობის ფინანსური დამოუკიდებლობა ზოგიერთი სახელმწიფოსთვის მიუღებელი იქნება და საპასუხოდ მკაცრ რეგულაციებსა და აკრძალვებს მივიღებთ. 

მიუხედავად მოსალოდნელი რეგულაციებისა, ისტორიული გამოცდილება ცხადყოფს, რომ კრიპტოვალუტისა და ბლოკჩეინის სრული აკრძალვა პრაქტიკულად შეუძლებელია და ამის მაგალითი ჩინეთია, რომელიც ბიტკოინის აკრძალვას 2013 წლიდან მოყოლებული უშედეგოდ ცდილობს

დალიოს ქონება 20 მილიარდ დოლარადაა შეფასებული და ის მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან ინვესტორად ითვლება. 

 
 

კომენტარები