თურქული დრონები

პოლონეთი ხდება NATO-ს პირველი ქვეყანა, რომელიც თურქულ საბრძოლო დრონებს შეიძენს

თურქული წარმოების საბრძოლო დრონი Bayraktar TB2
Daily Sabah

Reuters-ის ცნობით, პოლონეთი თურქეთისგან 24 ცალ Bayraktar TB2-ის ტიპის საბრძოლო დრონს შეიძენს. ეს ფაქტი პოლონეთის თავდაცვის მინისტრმა თქვა. პოლონეთი გახდება NATO-ს წევრებიდან პირველი ქვეყანა, რომელიც თურქეთის საბრძოლო დრონებს შეიძენს.

პოლონეთის თავდაცვის მინისტრის, მარიუშ ბუაშჩაკის თქმით, ისინი შეკვეთას მომავალ წელს მიიღებენ. დრონები შეიარაღებული იქნება ტანკსაწინააღმდეგო რაკეტებით. 

კონტრაქტი მომდევნო კვირაში, პოლონეთის პრეზიდენტის, ანდჟეი დუდას თურქეთში ვიზიტის ფარგლებში გაფორმდება. 

თურქული Bayraktar TB2-ის ტიპის დრონები 2020 წლის ყარაბაღის კონფლიქტში აზერბაიჯანის მხარემ გამოიყენა და ეს მისი საბრძოლო წარმატების ერთ-ერთ მიზეზად ითვლება. 

თურქეთი საკუთარი დრონი Bayraktar TB-ის წარმოებაში კანადური კომპანია L3Harris Wescam-ის კამერებისა და დასამიზნებელ ტექნოლოგიებს იყენებს. მაგრამ კანადური მხარის თქმით, მათი ტექნოლოგიის იმ სახით გამოყენება, როგორც ამას თურქეთი აკეთებს, მიუღებელია. საუბარი იყო იმაზეც, რომ თურქეთს, კონტრაქტის მიხედვით, დრონების აზერბაიჯანისთვის მიყიდვის უფლება არ ჰქონდათ. ამიტომ 2021 წლის აპრილში კანადამ თურქეთს აზერბაიჯანისთვის გამანადგურებელი დრონების მიყიდვის გამო სამხედრო ტექნიკის იმპორტი შეუჩერა.

კანადამ თურქეთს სამხედრო ტექნიკის ექსპორტირება, აზერბაიჯანისთვის ყარაბაღის კონფლიქტის დროს დრონების მიყიდვის გამო, ჯერ კიდევ 2020 წლის ოქტომბერში დროებით შეუჩერა. კანადის მხარემ დაიწყო გამოძიება, იყენებდა თუ არა თურქეთი საკუთარი დრონების აწყობაში კანადიდან იმპორტირებულ ტექნოლოგიას. როგორც დადგინდა,  თურქეთი დრონების აწყობაში L3Harris Wescam-ის იმპორტირებულ პროდუქტს იყენებდა.

კანადამ თურქეთს აქამდეც, 2019 წელს დროებით შეუჩერა სამხედრო-თავდაცვითი ტექნიკის ექსპორტირება. მიზეზი თურქეთის მიერ სირიაში ქურთების წინააღმდეგ სამხედრო დრონების გამოყენება იყო. შემდეგში ეს შეზღუდვა გაუქმდა.

"[კანადიდან ექსპორტირებული ტექნიკის] მსგავსი გამოყენება კანადის საგარეო პოლიტიკას არ თანხვდება". – ეწერა კანადის საგარეო საქმეთა მინისტრის, მარკ გარნოს განცხადებაში, რომელიც მან 2021 წლის აპრილში გააკეთა.

კომენტარები