ვაქცინაცია საქართველოში

Vivamedi-ში აცრილები ბაზაში ვერ შეჰყავდათ, იმნაძის თქმით, პრობლემა ბევრისთვის მოგვარდა

თბილისში, კლინიკა Vivamedi-ში აცრის შემდეგ მოქალაქეების შესახებ ინფორმაცია ერთიან ბაზაში ვერ შეჰყავდათ, რის გამოც მათ ვაქცინის მეორე დოზაზე დარეგისტრირების პრობლემა ექმნებოდათ. ტაბულამ ამის შესახებ კითხვა დაუსვა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილეს, პაატა იმნაძეს. იმნაძის თქმით, პრობლემა ბევრი მოქალაქისთვის მოგვარდა, თუმცა ბაზაში ჯერ კიდევ არ არიან შეყვანილი გარკვეული რაოდენობის მოქალაქეები. 

პაატა იმნაძე ამბობს, რომ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის პირველი დოზის გაკეთების შემდეგ მეორე დოზა ყველასთვის შენახულია. 

"პრობლემა ნამდვილად იყო. ეს მოხდა იმ დღეს, როდესაც პრობლემები შეექმნა სისტემას დარეგისტრირების დროს, მოგეხსენებათ, იყო ეს პრობლემა. რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, უკვე ძალიან ბევრი ადამიანისთვის, ვინც იყო ვივამედიში ამ პერიოდში დარეგისტრირებული, თუ არ ვცდები, პრობლემა გადაწყდა. კიდევ არის დარჩენილი. მუშაობენ ჩვენი ინფორმაციული ტექნოლოგიების სპეციალისტები და ყველა პრობლემა გადაიჭრება. რაც მთავარია, ვაქცინა საკმარისია ყველასათვის, არავინ არ ინერვიულოს. მეორე დოზა ყოველთვის ინახება იმ ვაქცინების, რომლის პირველ დოზასაც გამოვიყენებთ. სანამ არ არის ქვეყანაში შემდეგი დოზის შემოსვლის გარანტია, პირველი დოზის შემდეგ მეორე დოზა ყველასათვის შენახულია". – უპასუხა იმნაძემ ტაბულას შეკითხვას. 

21 მაისის მონაცემებით საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით სულ აცრილია 105 500 ადამიანი, მათგან ორივე დოზა გაკეთებული აქვს 16 147 პირს. ბოლო 24 საათში 3 613 მოქალაქე აიცრა.

კომენტარები