საქართველო-აშშ

აშშ-ს სანაპირო დაცვის აკადემიაში ქართველებს ბაიდენმა სწავლის დასრულება მიულოცა

ამერიკის შეერთებული შტატების სანაპირო დაცვის აკადემიაში (United States Coast Guard Academy – USCGA) სასწავლებლად მყოფ ნიკოლოზ ტვილდიანს და სანდრო სტაჟაძეს აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა აკადემიის გამოსაშვებ ღონისძიებაზე სწავლის წარმატებით დასრულება მიულოცა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, კონექტიკუტის შტატში, ქალაქ ნიუ-ლონდონში გამართულ საზეიმო ცერემონიალს ამერიკული მხარის მიწვევით დაესწრნენ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის უფროსი, პოლკოვნიკი ნიკოლოზ შარაძე და სანაპირო დაცვის დეპარტამენტის დირექტორი, I რანგის კაპიტანი რამაზ პაპიძე.

ბაიდენმა ამერიკული აკადემიის ქართველ კურსდამთავრებულებს დიპლომები ნიკოლოზ შარაძესა და რამაზ პაპიძესთან ერთად გადასცა. USCGA-ს კურსდამთავრებულები: ნიკოლოზ ტვილდიანი და სანდრო სტაჟაძე აშშ-ის სანაპირო დაცვის აკადემიაში საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერით გაგზავნილი პირველი კადეტები არიან, რომლებიც, საბაკალავრო პროგრამის წარმატებით დასრულების შემდეგ სანაპირო დაცვის რიგებში იმსახურებენ.

შსს-ს ინფორმაციით, ამერიკის შეერთებული შტატების სანაპირო დაცვის აკადემია (USCGA) წელს 240 კურსანტმა დაასრულა. 7 უცხოელ კურსდამთავრებულს შორის ორი ქართველია, ნიკოლოზ ტვილდიანი და სანდრო სტაჟაძე

კომენტარები