20 ივნისის ამნისტია

20 ივნისს დაზარალებულები, "გავრილოვის ღამიდან" 2 წლის თავზე პარლამენტთან აქციას გამართავენ

ტბელ აბუსერიძე

2019 წლის 20 ივნისს დაზარალებულები "გავრილოვის ღამიდან" 2 წლის შემდეგ აქციას გამართავენ. მათ მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ აქცია 20 ივნისს 18:00 საათზე გაიმართება. 

"2021 წლის 20 ივნისს ორი წელი გადის ანტისაოკუპაციო აქციის გამართვიდან, რომელიც ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოებისა და ღირსების შემლახველ ფაქტს, ოკუპანტი ქვეყნის დეპუტატის საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელში ჩაჯდომას მოჰყვა.

ეს აქცია სასტიკად იქნა დარბეული ძალოვანი სტრუქტურების თანამშრომლების მიერ უკანონო ბრძანების საფუძველზე. ეროვნული ღირსების დამცველ და ოკუპანტის გამგდებ მშვიდობიან დემონსტრანტებს საათების მანძილზე გამიზნულად ასახიჩრებდნენ, სთხრიდნენ თვალებს და აყენებდნენ სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის საშიშ დაზიანებებს.

დღეს, როდესაც საქართველოს პარლამენტში დარეგისტრირებულია ორი კანონპროექტი, რომელიც ამ გამოუძიებელ დანაშაულებრივ ფაქტზე ამნისტიას აცხადებს, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვნად მიგვაჩნია, სწორედ 20 ივნისს აქციაზე პატრიოტული მოტივით მდგარმა დემონსტრანტებმა კიდევ ერთხელ ვუთხრათ ყველა პოლიტიკურ ძალას ქვეყნის შიგნით თუ გარეთ, რომ 20 ივნისი ვერ გადაიწერება, აქციის დარბევა ოკუპანტის საამებლად არავის შერჩება!

არა - ოკუპანტის ამნისტიას! 20 ივნისს 6 საათზე 20 ივნისს დაშავებული და უკანონოდ დაკავებული ადამიანები ყველას გელოდებით პარლამენტთან". - აღნიშნულია განცხადებაში. 

"გავრილოვის ღამეს" დაზარალებულები მოქალაქეებს აქციის ორგანიზების პროცესში ჩართვისა და თანამშრომლობისკენ მოუწოდებენ. 


პარლამენტში 20 ივნისის ამნისტიის კანონი, რომელიც ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელის შეთანხმების დოკუმენტის ნაწილია, ცალ-ცალკე უკვე დააინიცირეს ხელისუფლებამ და ოპოზიციამ. 

ქართული ოცნების ვერსიის თანახმად, გარდა იშვიათი გამონაკლისებისა, ამნისტია შეეხება ყველა იმ პირს, ვინც დანაშაული ჩაიდინა, მოამზადა, მიიღო მონაწილეობა, ან ჰქონდა მცდელობა. ამასთან ერთად, ამნისტია გავრცელდება მათზეც, ვისაც აქვს პირობითი მსჯავრი.

კომენტარები