პოლიტიკური კრიზისი

ტარიელ ნაკაიძე პარლამენტში დამოუკიდებელი დეპუტატის სტატუსით შედის

ტარიელ ნაკაიძე
ტაბულა

ევროპული საქართველოს საარჩევნო სიის წევრი, ტარიელ ნაკაიძე მე-10 მოწვევის პარლამენტში დამოუკიდებელი დეპუტატის სტატუსით შედის. ნაკაიძემ ევროპული საქართველო დატოვა. გადაწყვეტილება პარტიაში პოლიტსაბჭოს დასრულების შემდეგ გახდა ცნობილი.

ევროპული საქართველოს თავმჯდომარის, გიგა ბოკერიას თქმით, პარტია საპარლამენტო მუშაობაში ჩართვას არ აპირებს და სწორედ ამ საკითხზე გაიყო მათი და ტარიელ ნაკაიძის გზები. 

"რახან ჩვენ პარტიულად, პოლიტიკურად მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ამ პარლამენტში არ მივიღებთ მონაწილეობას, ჩვენი პოლიტიკური გზები ამ მომენტში ამ საკითხზე გაიყო და ის არ წარმოადგენს ევროპულ საქართველოს ამ პარლამენტში. [პარლამენტში შესვლა] მისი გადაწყვეტილებაა, ჩვენ, პარტიამ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ არ შევდივართ პარლამენტში და იმ ერთ მანდატს, რომელიც ელენე ხოშტარიას პრინციპული პოზიციის გამო ჯერ კიდევ გვაქვს, ჩვენ არ გამოვიყენებთ. 

გვქონდა შესაძლებლობა ეს მანდატიც გამოგვეყენებინა, ტარიელ ნაკაიძეს ჰქონდა სურვილი, რომ ჩვენი პარტიის სახელით ყოფილიყო პარლამენტში, თუკი ჩვენ მივიღებდით ამ გადაწყვეტილებას, უფრო მეტიც, თუკი სრულფასოვნად ამოქმედდებოდა ყველა რეგულაცია, სხვა ადამიანი დაიკავებდა მის ადგილს სიაში. ამის მიუხედავად, ევროპული საქართველოს პოზიცია რჩება მყარი". – თქვა ბოკერიამ. 

ტარიელ ნაკაიძის თქმით, მისი სპეციფიკური წარმომადგენლობითი ფორმა და ჩატარებული გამოკვლევები მას აძლევს საფუძველს, რომ პარლამენტში დამოუკიდებელი დეპუტატის სტატუსით იმუშაოს. 

"ველოდებოდი პოლიტსაბჭოს შეხვედრას. ვემხრობი გადაწყვეტილებას, რომელიც მიიღო პოლიტსაბჭომ, რომ არ შევიდეს პარლამენტში, თუმცა ჩემი სპეციფიკური ბექგრაუნდიდან და წარმომადგენლობითი ფორმიდან გამომდინარე, რომელიც მე ამ შემთხვევაში მაქვს რელიგიურ თუ ეთნიკურ უმცირესობებთან დაკავშირებით, ყველა ის გამოკვლევა, რომელიც მე ჩავატარე ამ დროის განმავლობაში მაძლევს საფუძველს, რომ დამოუკიდებლად ვიყო პარლამენტის წევრი". – თქვა ნაკაიძემ

პარტია ევროპული საქართველო პარლამენტში არ შედის. ამის შესახებ პოლიტსაბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ, პარტიის თავმჯდომარემ, გიგა ბოკერიამ ჟურნალისტებთან თქვა. 

ოპოზიციური პარტიების ნაწილმა და ქართულმა ოცნებამ ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელის მიერ შემოთავაზებულ შეთანხმებას ხელი მოაწერეს. შეთანხმებას ხელს არ აწერენ ენმევროპული საქართველო, ლეიბორისტული პარტია და პარტია კანონი და სამართალი, ასევე, ევროპული საქართველოს საარჩევნო სიის წევრი და ამჟამად დროას ლიდერი ელენე ხოშტარია.

კომენტარები