აშშ-ს პრეზიდენტის საგადასახადო დეკლარაცია

ჯო ბაიდენმა 2020 წელს მიღებული შემოსავლები გამოაქვეყნა

ჯო ბაიდენი
ფოტო Fox News

აშშ-ს 46-ე პრეზიდენტმა დონალდ ტრამპის მიერ დროებით შეჩერებული ტრადიცია აღადგინა და პერსონალური საგადასახადო დეკლარაცია გაასაჯაროვა

დეკლარაციის მიხედვით, ჯო და ჯილ ბაიდენების მიერ მიღებულმა ჯამურმა შემოსავლებმა 2020 წელს $607 336 დოლარი შეადგინა, ბიუჯეტში გადასახადების სახით კი ოჯახმა $157 414 დოლარი გადაიხადა. ნიშანდობლივია, რომ ბაიდენების შემოსავლები გასულ წელს მნიშვნელოვნად შემცირდა – 2019 წელს ოჯახის ჯამური შემოსავალი $985 223 დოლარს შეადგენდა.

შეგახსენებთ, რომ ჯო ბაიდენის წინამორბედი, დონალდ ტრამპი, თავისი საგადასახადო დეკლარაციის საჯაროდ გამოქვეყნებაზე უარს აცხადებდა, რის მიზეზადაც მისი ქონების მიმდინარე აუდიტს ასახელებდა. ტრამპის მიერ საკუთარი ფინანსების გასაჯაროებაზე უარის თქმა, რიჩარდ ნიქსონის შემდეგ, პირველი შემთხვევა იყო, როცა შეერთებული შტატების პრეზიდენტი დეკლარაციის გამოქვეყნებაზე უარს ამბობდა.

თეთრი სახლის ადმინისტრაციის პრესსპიკერმა, ჯენ ფსაკიმ, დეკლარაციის გამოქვეყნებამდე სწორედ აღნიშნული ტრადიცია გაიხსენა და აღნიშნა, რომ "ამ დოკუმენტის გასაჯაროება აშშ-ს ყველა პრეზიდენტისგან უნდა იყოს მოსალოდნელი".  

კომენტარები