ეკონომიკა

საქსტატი: 2020 წელს საქართველოში უმუშევრობის დონე 18.5% იყო

adf.org.au

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის თანახმად, 2020 წელს საქართველოში უმუშევრობის დონე 2019 წელთან შედარებით 0.9 პროცენტული პუნქტით გაიზარდა და 18.5 პროცენტი შეადგინა.

2020 წელს სამუშაო ძალამ (ეკონომიკურად აქტიურმა მოსახლეობამ) შრომისუნარიანი ასაკის მოსახლეობის (15 წლის და უფროსი ასაკის მოსახლეობა) 50.5 პროცენტი შეადგინა. წინა წელთან შედარებით სამუშაო ძალის მონაწილეობის დონე (აქტიურობის დონე) შემცირებულია 1.3 პროცენტული პუნქტით, ხოლო დასაქმების დონე შემცირებულია 1.5 პროცენტული პუნქტით.

სამუშაო ძალის მონაწილეობის დონე (აქტიურობის დონე), წინა წელთან შედარებით, შემცირებულია ქალაქის ტიპის დასახლებებში 0.3 პროცენტული პუნქტით, ხოლო სოფლის ტიპის დასახლებებში - 2.6 პროცენტული პუნქტით. ასევე, დასაქმების დონე შემცირებულია როგორც ქალაქის ტიპის, ისე სოფლის ტიპის დასახლებებში, შესაბამისად 1.3 და 1.8 პროცენტული პუნქტით.

დასაქმებულთაგან 2020 წელს დაქირავებით დასაქმებული იყო 68.1%, ხოლო დანარჩენი 31.9% – თვითდასაქმებული.

საქალაქო დასახლებებში უმუშევრობის დონე 20.3% იყო, 2%-ით მეტი, ხოლო სასოფლო დასახლებებში – 15.8%, 0.9%-ით ნაკლები წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით.

უმუშევრად ითვლება ყველა ის ადამიანი, რომელიც არის 15 წლის და უფროსი ასაკის, გამოკითხვის მომენტამდე წინა 7 დღის განმავლობაში არ მუშაობდა ერთი საათითაც კი, ეძებდა სამუშაოს ბოლო 4 კვირაში და მზად იყო მუშაობის დასაწყებად მომავალი 2 კვირის განმავლობაში. უმუშევრობის დონე გამოითვლება უმუშევართა რაოდენობის შეფარდებით 15 წლის და უფროსი ასაკის ეკონომიკურად აქტიურ მოსახლეობასთან - დასაქმებულების და უმუშევრების საერთო რაოდენობასთან.

კომენტარები