ბელარუსი

ბელარუსში დაპატიმრებულ ოპოზიციონერს 12-წლიანი პატიმრობა ემუქრება

მარია კოლესნიკოვა
The Australian

ბელარუსში დაპატიმრებულ ოპოზიციონერს, მარია კოლესნიკოვას, ექსტრემიზმისა და ძალაუფლების ხელში ჩაგდების მცდელობის ბრალდებით 12-წლიანი პატიმრობა ემუქრება.

მარია კოლესნიკოვა გასული წლის სექტემბრიდან დაპატიმრებულია. მაშინ, როდესაც ბელარუსის მთავრობა მის დეპორტაციას ცდილობდა, კოლესნიკობამ ბელარუსი-უკრაინის საზღვარზე პასპორტი დახია და ქვეყნის უშიშროების წარმომადგენლებს ამის უფლება არ მისცა. 

"მე ერთი წამითაც არ ვნანობ ჩემ გადაწყვეტილებას, ახლაც კი". - წერს კოლესნიკოვა ახლად გამოქვეყნებულ წერილში. 

მისი თქმით, ეს წელი მის ცხოვრებაში ყველაზე რთული და ამავდროულად ყველაზე ბედნიერი აღმოჩნდა. 

"მესმის, რომ ძალიან უცნაურად ჟღერს დაპატიმრებული ადამიანისგან, მაგრამ იმაზე მეტი შევიძინე, ვიდრე დავკარგე: უნიკალური გამოცდილება, წარმოუდგენელი შინაგანი იმპულსი, ძალიან დიდი ცოდნა და უნარები... მე ყველანაირ სიტუაციაში ჩემში თავისუფლება და ბედნიერება ვნახე". - წერს მარია კოლესნიკოვა.

მარია კოლესნიკოვა 7 სექტემბერს გაუჩინარდა. თვითმხილველთა ცნობით, სამოქალაქო ტანსაცმელში ჩაცმული და ნიღბიანი ადამიანები კოლესნიკოვასთან მივიდნენ, შემდეგ კი კოლესნიკოვა ძალის გამოყენებით აიყვანეს მიკროავტობუსში, რომელსაც ეწერა "Связь". მიკროავტობუსი გაურკვეველი მიმართულებით გაუჩინარდა. მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ კოლესნიკოვა 8 სექტემბერს ბელარუსისა და უკრაინის საზღვრის გადაკვეთის დროს დააპატიმრეს. მარია კოლსენიკოვამ თავისი პასპორტი დახია, რათა უკრაინაში მისი დეპორტაცია არ მომხდარიყო.

დაკავების შემდეგ მას ეროვნული უსაფრთხოების წინააღმდეგ ქმედებისათვის ბრალი წარუდგინეს. მოგვიანებით, მას ბრალდება დაუმძიმეს. 23 იანვარს მინსკის სასამართლომ ბელორუს ოპოზიციონერს, მარია კოლესნიკოვას, წინასწარი პატიმრობა გაუხანგრძლივა.

ივლისში მარია კოლესნიკოვა სვეტლანა ტიხანოვსკაიასთან და ვერონიკა ცეპკალოსთან ერთად გახდა ბელარუსის ოპოზიციის სამი ლიდერიდან ერთ-ერთი. ბელარუსის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ ტიხანოვსკაია და ცეპკალო იძულებულები გახდნენ, ბელარუსი დაეტოვებინათ.

არჩევნების შემდეგ კოლესნიკოვა ბელარუსში დარჩა და ოპოზიციის საკოორდინაციო საბჭოს ერთ-ერთი თავმჯდომარე გახდა. ბელარუსის ხელისუფლებამ საბჭოს შექმნის ფაქტზე სისხლის სამართლის საქმე აღძრა.

2020 წლის სექტემბრის დასაწყისში კოლესნიკოვამ განაცხადა, რომ ვიქტორ ბაბარიკოს შტაბი გეგმავს ახალი ოპოზიციური პარტიის შექმნას. საპრეზიდენტო არჩევნებამდე ვიქტორ ბაბარიკო ერთ-ერთ საპრეზიდენტო კანდიდატურად განიხილებოდა, თუმცა ის დააპატიმრეს და არჩევნებში მონაწილეობის უფლება არ მისცეს. ტიხანოვსკაიას შტაბთან გაერთიანებამდე მარია კოლესნიკოვა ვიქტორ ბაბარიკოს შტაბს ხელმძღვანელობდა.

2020 წლის 9 აგვისტოს საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ ბელარუსში საპროტესტო აქციები დაიწყო. ალექსანდრ ლუკაშენკომ, რომელიც ქვეყანას, 26 წელია, მართავს, ხმების 80%-ით თავი გამარჯვებულად გამოაცხადა. ქვეყანაში დაიწყო მასშტაბური საპროტესტო აქციები, ოპოზიცია ხელახალი არჩევნების ჩატარებას მოითხოვს. აქციებზე  დააკავეს  ათიათასობით ადამიანი, მოკლულია, სულ მცირე, 7 დემონსტრანტი.

კომენტარები