ჰომოფობიასთან ბრძოლის დღე

ჰომოფობიასთან ბრძოლის დღესთან დაკავშირებით NGO-ები შეიკრიბნენ

ტაბულა

ჰომოფობიასთან და ტრანსფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, მრგვალ ბაღში არასამთავრობო ორგანიზაციები შეიკრიბნენ. უსაფრთხოების მიზნით, მრგვალი ბაღის ყველა შესასვლელი გადაკეტილია. შეკრების მიზანია, საზოგადოებას გააცნონ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება 2012 წლის 17 მაისს მომხდარ მოვლენებთან დაკავშირებით. აქციის მონაწილეებს თან აქვთ პლაკატები, რომლებზეც წერია ციტატები ევროსასამართლოს გადაწყვეტილებიდან. 

შეხვედრის ორგანიზატორები კიდევ ერთხელ მიმართავენ შსს-ს და მოუწოდებენ, დაიცვას ადამიანების უსაფრთხოება და მომავალში უფრო ეფექტურად აღკვეთოს ნებისმიერი სახის ძალადობა და დისკრიმინაცია.

“იმედს გამოვთქვამთ, რომ 2015 წელს მაინც, საქართველოს ხელისუფლება შეძლებს ეფექტიანად დაიცვას საკუთარი მოქალაქეების გამოხატვის, შეკრებისა და მანიფესტაციის უფლება მიუხედავად მისი სქესის, ენის, რელიგიის, პოლიტიკური თუ სოციალური წარმომავლობის, ქონებრივი, წოდებრივი თუ სხვა მდგომარეობისა,” - ნათქვამია ორგანიზატორების მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

ცნობისთვის, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეზე "იდენტობა და სხვები საქართველოს წინააღმდეგ" გადაწყვეტილება გამოაქვეყნა და სახელმწიფოს განმცხადებლების მიმართ ზარალის ანაზღაურება დააკისრა. სასამართლომ დაადგინა, რომ დაირღვა ადამიანის უფლებების ევროპული კონვენციის მე-3 მუხლი (არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობა) მე-14 მუხლთან ერთად (დისკრიმინაციის აკრძალვა), ასევე დაირღვა მე-11 მუხლი (შეკრებისა და მანიფესტაციის უფლება) მე-14 მუხლთან მიმართებაში.

საქმე ეხება 2012 წლის 17 მაისს თბილისში მშვიდობიანი დემონსტრაციას ჰომოფობიასთან ბრძოლი საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, რომლის მონაწილეებიც ძალადობის გზით დაარბიეს კონტრდემონსტრანტებმა.

"სასამართლომ მიიჩნია, რომ ხელისუფლებას უნდა სცოდნოდა იმ რისკების შესახებ, რომელიც მშვიდობიანი დემონსტრანტების მიმართ არსებობდა, შესაბამისად მათ ჰქონდათ ვალდებულება აქციის მონაწილეები ადეკვატური დაცვა უზრუნველეყოთ",- ნათქვამია გადაწყვეტილებაში.

სასამართლომ გადაწყვიტა, რომ საქართველომ 13 გამცხადებელს, რომელიც აღნიშნულ დემონსტრაციაში მონაწილეობდა 2 000 - 4 000ევრო უნდა გადაუხადოს თითოეულს, ხოლო ორგანიზაცია "იდენტობას" 1 500 ევრო მორალური ზიანისთვის. ჯამში საქართველომ განმცხადებლებს 33 500 ევრო უნდა გადაუხადოს.

აღსანიშნავია, რომ სასამართლო 2013 წლის 17 მაისის აქციის დარბევის საქმესაც განიხილავს.

კომენტარები