დაძაბულობა ისრაელსა და ღაზის სექტორს შორის

საელჩო: სამიზნეებია აშკელონი, აშდოთი, შდეროთი, აეროპორტის ტერიტორია, მუქარაა თელ-ავივზეც

ისრაელის საჰაერო თავდაცვის სისტემა Iron Dome-ი ქალაქის თავზე ჰამასის რაკეტებს ანეიტრალებს, 2021 წელი, 10 მაისი
The Times of Israel

საქართველოს საელჩო ისრაელში მოქალაქეებს კვლავ სიფრთხილისკენ მოუწოდებს. 

"საქართველოს მოქალაქეებს კვლავ მოგიწოდებთ, დაიცავით უსაფრთხოების ზომები. მიმდინარე სამიზნე აშკელონი, აშდოთი, შდეროთი, აეროპორტის მიმდებარე ტერიტორიაა.

ვრცელდება მუქარა თელ ავივის (შესაბამისად, გარშემო ქალაქების) მიმართულებაზე".- აღნიშნულია განცხადებაში. 

ბოლო ინფორმაციით ისრაელის მიმართულებით ლიბანიდან 3 რაკეტა ისროლეს. ისრაელის თავდაცვის ძალების ცნობით, 3 რაკეტა, რომელიც ლიბანიდან შემოვიდა, დაუსახლებელი ტერიტორიის მიმართულებით წავიდა და ახლომდებარე ქალაქებში განგაშის სიგნალი არ ჩართულა. მაგრამ მათ არ გაუკეთებიათ კომენტარი იმის შესახებ, თუ რა დაჯგუფება იდგა ამ შემთხვევის უკან. ლიბანის ტელევიზიის ცნობებით, რაკეტები, შესაძლოა, არა ჰეზბოლას, არამედ პალესტინურ მცირე დაჯგუფებას ესროლა ლიბანის ტერიტორიიდან.

ლიბანის უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლის თქმით, რაკეტები პალესტინელი დევნილების დასახლებიდან გაისროლეს.


ინტენსიური სარაკეტო თავდასხმა მას შემდეგ დაიწყო, რაც ისრაელმა დაჯგუფება ჰამასის პირველი ულტიმატუმი არ შეასრულა და ალ-აკსას მეჩეთის ტერიტორიიდან, სადაც ისრაელის პოლიციასა და პალესტინელ დემონსტრანტებს შორის შეტაკებები მიდის, უსაფრთხოების ძალები არ გაიყვანა. 

ბოლო რამდენიმე დღეში ღაზის სექტორიდან ისრაელის მიმართულებით 1000-ზე მეტი რაკეტა ისროლეს. რაკეტების უმეტესობა ჰაერში ისრაელის საზენიტო სისტემა "რკინის გუმბათმა" უვნებელყო.

პარალელურად გრძელდება შეტაკებები ისრაელის პოლიციასა და პალესტინელ დემონსტრანტებს შორის. დემონსტრაციები იერუსალიმის გარდა, ტარდება ქალაქ ლოდშიც, სადაც მოვლენებს ერთი არაბი ისრაელის მოქალაქე ემსხვერპლა. დემონსტრანტები ლოდში ებრაელთა სახლებს მოლოტოვის კოქტეილებსა და ქვებს ესროდნენ. მოკლული არაბი, როგორც პოლიციამ გაარკვია ერთ-ერთ 34 წლის ებრაელს ემსხვერპლა. მკვლელი დაკავებულია.

დაძაბულობა მოჰყვა იერუსალიმში, ალ-აკსას მეჩეთთან პალესტინელებისა და ისრაელის პოლიციის დაპირისპირებას. გასულ დღეებში გავრცელდა ინფორმაცია იერუსალიმის შაიხ ჯარის რაიონიდან პალესტინელთა შესაძლო გასახლების შესახებ, რასაც ამ უკანასკნელთა პროტესტი მოჰყვა. ასევე, 10 მაისს ისრაელი იერუსალიმის დღეს აღნიშნავს, დღეს, როდესაც 1967 წლის არაბეთ-ისრაელის ომში ქალაქის რამდენიმე მონაკვეთი აიღეს.

ღაზის სექტორი პალესტინელთა ანკლავია, რომელსაც დაჯგუფება ჰამასი მართავს

კომენტარები