ოჯახში ძალადობა

POG: პირს, რომელმაც ოჯახის წევრი ჩაკეტა და მასზე მუდმივად ძალადობდა, პატიმრობა შეეფარდა

საქართველოს პროკურატურის ინფორმაციით, პირს, რომელიც გენდერული შეუწყნარებლობის მოტივით ოჯახის წევრს მუდმივად ამცირებდა, სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა და ეჭვიანობის მიზეზით დასახიჩრებითა და სიცოცხლის მოსპობით ემუქრებოდა, აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდა. 

უწყების ცნობით, ბრალდებულმა დ.ა.-მ მ.ა 19 მარტს ბინაში ჩაკეტა და მასზე ფსიქოლოგიურად და ფიზიკურად უწყვეტად ძალადობდა. 

"გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ დ.ა. გენდერული ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, დაზარალებულთან სისტემატურად ამყარებდა იძულებით არასასურველ კომუნიკაციას. მ.ა.-ს ბრალდებულის მხრიდან განხორციელებული წამების შედეგად, ჩამოუყალიბდა ძალადობის განმეორების საფუძვლიანი შიში, იმყოფებოდა მუდმივ სტრესსა და დაძაბულობაში, რის გამოც შეიცვალა საცხოვრებელი ადგილი და შეექმნა სოციალური ქსელის პროფილისა და მობილური ტელეფონის ნომრის შეცვლის რეალური საჭიროება". - წერია განცხადებაში. 

პროკურატურის ინფორმაციით, გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილი წამების, ძალადობის, მუქარისა და ადევნების ფაქტებზე დ.ა.-ს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა-144 პრიმა მუხლის პირველი ნაწილით, 11 პრიმა-151-ე მუხლის მე-2 ნაწილის "დ" ქვეპუნქტით (ორი ეპიზოდი), 11 პრიმა-151 პრიმა მუხლის პირველი ნაწილით და 126 პრიმა მუხლის პირველი ნაწილით წარედგინა, რაც სასჯელის სახედ შვიდიდან ათ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. 

კომენტარები