კლივლენდის კლინიკის მიერ გამოქვეყნებული კვლევის მიხედვით, 1 იანვრიდან 13 აპრილის ჩათვლით, კორონავირუსის ინფექციის გამო ჰოსპიტალიზებული პაციენტების 99.75% სრულად იმუნიზებული არ იყო.
კვლევის შედეგები სრულ თანხმობაშია რეალობასთან – ვაქცინები უმნიშვნელოვანეს როლს თამაშობენ ადამიანის ინფექციისგან დაცვაში, რაც ჰოსპიტალიზებისა და გარდაცვალების რისკის თითქმის განეიტრალებას გულისხმობს.
კლივლენდის კლინიკის ექიმებმა 47 000 დასაქმებული გამოიკვლიეს, რომელთა ნაწილს ვაქცინის მხოლოდ ერთი დოზა ჰქონდა მიღებული, ნაწილს – ორივე, ზოგიერთს კი – არცერთი. კვლევის შედეგად გამოვლინდა, რომ კორონავირუსით დაავადებული ცდისპირების 99.7% აცრილი არ იყო, ხოლო სრულად ვაქცინირებულ ჯგუფებში, ინფექციის გავრცელების მაჩვენებელი 0.3%-ს არ აღემატებოდა.
საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით 4 433 ადამიანი აიცრა. ვაქცინაციის დაწყებიდან, 15 მარტიდან, დღემდე ქვეყნის მასშტაბით 71 570 პირი აიცრა, მათგან სრულად, ვაქცინის ორივე დოზა, 12 375-მა მოქალაქემ მიიღო. მონაცემებს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი აქვეყნებს.