დაძაბულობა ისრაელსა და ღაზის სექტორს შორის

ღაზის სექტორიდან ნასროლ რაკეტებს ისრაელის 2 მოქალაქის სიცოცხლე ემსხვერპლა

ისლამური ჯიჰადის წევრები ღაზის სექტორიდან ისრაელის მიმართულებით რაკეტებს ისვრიან, 2014 წელი
The Times of Israel

ისრაელის მედიის ცნობით, ღაზის სექტორიდან ჰამასისა და ისლამური ჯიჰადის ნასროლი რაკეტა ქალაქ აშქელონში სახლს მოხვდა. შედეგად, ორი ქალი გარდაიცვალა და რამდენიმე დაშავდა.

ეს პირველი მსხვერპლია, რომელიც ღაზის სექტორიდან რაკეტების შეუჩერებელ სროლას მოჰყვა. 

აშქელონის მოსახლეობას ისრაელის მთავრობა თავშესაფარ ბუნკერებში დარჩენისკენ მოუწოდებს. რამდენიმე რაკეტა ქალაქის ქუჩებში ჩამოვარდა და რამდენიმემ შენობებიც დააზიანა.

ისრაელის საპასუხო ცეცხლს ბოლო 24 საათში ღაზის სექტორში 24 ადამიანზე მეტი ემსხვერპლა, აქედან 9 ბავშვი. ისრაელის თავდაცვის ძალების ცნობით, მათ მოკლეს დაჯგუფება ისლამური ჯიჰადის სარაკეტო დანაყოფის მეთაური.


ინტენსიური სარაკეტო თავდასხმა მას შემდეგ დაიწყო, რაც ისრაელმა დაჯგუფება ჰამასის პირველი ულტიმატუმი არ შეასრულა და ალ-აკსას მეჩეთის ტერიტორიიდან, სადაც ისრაელის პოლიციასა და პალესტინელ დემონსტრანტებს შორის შეტაკებები მიდის, უსაფრთხოების ძალები არ გაიყვანა. 

ისრაელის თავდაცვის ძალების თქმით, ბრძოლა რამდენიმე დღეს გაგრძელდება და ისინი ღაზის სექტორში სახმელეთო ოპერაციის დაწყებას არ გამორიცხავენ.

პარალელურად გრძელდება შეტაკებები ისრაელის პოლიციასა და პალესტინელ დემონსტრანტებს შორის. დემონსტრაციები იერუსალმისი გარდა, ტარდება ქალაქ ლოდშიც, სადაც მოვლენებს ერთი არაბი ისრაელის მოქალაქე ემსხვერპლა. დემონსტრანტები ლოდში ებრაელთა სახლებს მოლოტოვის კოქტეილებსა და ქვებს ესვრიან. მოკლული არაბი, როგორც პოლიციამ გაარკვია ერთ-ერთ 34 წლის ებრაელს ემსხვერპლა. მკვლელი დაკავებულია.

დაძაბულობა იერუსალიმში, ალ-აკსას მეჩეთთან პალესტინელებისა და ისრაელის პოლიციის დაპირისპირებას მოჰყვა. გასულ დღეებში გავრცელდა ინფორმაცია იერუსალიმის შაიხ ჯარას რაიონიდან პალესტინელთა შესაძლო გასახლების შესახებ, რასაც ამ უკანასკნელთა პროტესტი მოჰყვა. ასევე, 10 მაისს ისრაელი იერუსალიმის დღეს აღნიშნავს, დღეს როდესაც 1967 წლის არაბეთ-ისრაელის ომში ქალაქის რამდენიმე მონაკვეთი აიღეს.

ღაზის სექტორი პალესტინელთა ანკლავია, რომელსაც დაჯგუფება ჰამასი მართავს.

სარაკეტო თავდასხმების გამო, საქართველოს საელჩო ისრაელში მყოფ მოქალაქეებს აფრთხილებს.

"დაიცავით უსაფრთხოების ზომები, თავი შეიკავეთ ქუჩაში გასვლისგან, მოიკითხეთ რაკეტსაწინააღმდეგო თავშესაფარი თქვენს საცხოვრებელ ადგილთან ახლოს. არ გახვიდეთ აივანზე და მოერიდეთ ფანჯარასთან ყოფნას". – წერს საელჩო.

კომენტარები