ვაქცინაცია

ქუთაისის ხანდაზმულთა პანსიონატის ბენეფიციარები და თანამშრომლები Sinopharm-ით აიცრნენ

ქუთაისის ხანდაზმულთა პანსიონატში ბენეფიციარები და თანამშრომლები სინოფარმის ვაქცინით აიცრნენ.

"პანდემიისგან ყველაზე კარგი გამოსავალი იმუნიზაციის პროცესია. ხანდაზმულები რისკ ჯგუფს წარმოადგენენ და სწორედ ამიტომ ჯანდაცვის სამინისტრომ გადაწყვიტა, რომ აცრა ადგილზევე მოხდეს, რათა ეს პროცესი მათთვის უფრო კომფორტული იყოს". – ამბობს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე, თამარ ბარკალაია.

10 მაისის დილის მონაცემებით, საქართველოში 62 447 აცრაა ჩატარებული.

7 მაისს, მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ (WHO) ჩინური ვაქცინის, პეკინის სინოფარმის გამოყენების ნებართვა გასცა.

საქართველოში ვაქცინაცია 15 მარტს დაიწყო, მას შემდეგ, რაც 13 მარტს ასტრაზენეკას ვაქცინის 43 200 დოზა შემოვიდა. 6 მაისს საქართველოში ასტრაზენეკას ვაქცინის კიდევ 43 000 დოზა ჩამოვიდა. ეს დოზები განკუთვნილია იმ პირებისთვის, ვინც ასტრაზენეკას ვაქცინის პირველი დოზა უკვე გაიკეთა.

Pfizer-ის 29 500 დოზა ქვეყანაში 25 მარტს  შემოვიდა. ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის თქმით, ქვეყანაში Pfizer-ის დამატებით დოზებს ზაფხულში უნდა ველოდოთ.

საქართველოში ჩინური წარმოების ვაქცინის – სინოფარმის 100 000 დოზა 3 აპრილს ჩამოვიდა და ამ ვაქცინის გამოყენებით აცრა 4 მაისს დაიწყო.

აცრისთვის ჯავშნის გაკეთება შეგიძლიათ booking.moh.gov.ge-ზე ან დარეკეთ ნომერზე 1522.

კომენტარები