პანდემია და მენტალური ჯანმრთელობა

დეპრესია კაცებში – შენიღბული სიმპტომები, გენდერული სტიგმები და მკურნალობის გზები

პანდემია და მენტალური ჯანმრთელობა

დეპრესია კაცებში – შენიღბული სიმპტომები, გენდერული სტიგმები და მკურნალობის გზები

დეპრესია ყველა რასის, სქესისა თუ ასაკის ადამიანში გვხვდება, მაგრამ სიმპტომები, სიმძიმე, მკურნალობის გზები და გამოცდილება, ხშირად, სქესის ნიშნით განსხვავებულია – კაცების უმრავლესობა, სტიგმების შიშით, დეპრესიის სიმპტომების დამალვას ცდილობს, რასაც მდგომარეობის დამძიმებასა და ხშირად, სუიციდამდეც მივყავართ. სტატიაში ვისაუბრებთ "კაცური" დეპრესიისა და მასთან გამკლავების გზებზე.

კორონავირუსის პანდემიად გამოცხადებიდან 1 წლის თავზე, მსოფლიო კვლავ გარდაცვლილებს ითვლის. თუმცა, კაცობრიობისთვის მიყენებული ფიზიკური ზიანის მიღმა, ინფექციის გავრცელებასთან ასოცირებული ფსიქიკური პრობლემები ნაკლებად თვალსაჩინოა.

მოსალოდნელი და სავარაუდოა, რომ პანდემიით განპირობებული სოციალური დისტანცირების, ე.წ. "ლოქდაუნებისა" და პანიკის ფონზე, მოწყვლად ჯგუფებში ფსიქიკური ჯანმრთელობა გაუარესდა. ერთ-ერთი კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 30%-ზე მეტი ეპიდემიასთან დაკავშირებული დეპრესიით ან შფოთვითი აშლილობით იტანჯება, რომელთა უმეტესობა დაბალი ეკონომიკური ფენის წარმომადგენელი ახალგაზრდაა. 

რა არის დეპრესია?

DSM-V-ის მიხედვით, გუნება-განწყობის აშლილობის ტიპია, რომელსაც ღრმა სევდის განცდა და მოტივაციისა და საყვარელი საქმიანობების მიმართ ინტერესის დაკარგვა ახასიათებს.  დეპრესია გავლენას ახდენს ჩვენს გრძნობებზე, ფიქრებსა და ქცევაზე და საბოლოოდ, მძიმე ემოციურ და ფიზიკურ პრობლემებამდე მივყავართ. მაგალითად, ღრმა კლინიკური დეპრესიით დაავადებული ადამიანისთვის, შესაძლოა, კბილების გახეხვა ან შხაპის მიღებაც კი შეუძლებელი ამოცანა იყოს. დაავადების ყველაზე საშიში ეტაპი მაშინ დგება, როცა ადამიანი ცხოვრების გაგრძელების აზრს ვეღარ ხედავს.

მოწყენილობისგან განსხვავებით დეპრესია სერიოზული დაავადებაა, რომელსაც არაფერი აქვს საერთო ადამიანის სისუსტესთან ან "ტიპაჟთან". მცდარი შეხედულების საპირისპიროდ, დაავადებულ ადამიანს "თავის ხელში აყვანა" არ შეუძლია, ისევე, როგორც დიაბეტის მქონე ადამიანი ვერ დაარეგულირებს სისხლში შაქრის შემცველობას "თავის ხელში აყვანით". დეპრესიას ხანგრძლივი მართვა და მკურნალობა სჭირდება.

მიუხედავად იმისა, რომ დეპრესია ყველა რასის, სქესისა თუ ასაკის ადამიანში გვხვდება, სიმპტომები, შედეგები, მკურნალობის გზები და გამოცდილება, ხშირად, განსხვავებულია. მაგალითად, კაცებისთვის ფსიქიკურ აშლილობებზე საუბარი და დახმარების თხოვნა ბევრად რთულია, ვიდრე ქალებისთვის. მეტიც, ზოგჯერ სიმპტომებიც კი განსხვავებულია.

გამომდინარე იქიდან, რომ ყოველწლიურად უამრავი კაცი მიმართავს სუიციდს, როგორც ერთადერთს გამოსავალს, მნიშვნელოვანია, გვესმოდეს, როგორია დეპრესიის გამოხატულება მამაკაცებში და რატომ უჭირთ მათ დახმარების მიღება.

გენდერული განსხვავებები – როგორია "კაცური დეპრესია"

ქალებში დეპრესიის გავრცელების მაჩვენებელი, საშუალოდ, ორჯერ მეტია. სამწუხაროდ, ეს არ ნიშნავს, რომ მამაკაცებში დეპრესიის განვითარების რისკი დაბალია – ჰარვარდის უნივერსიტეტის მიხედვით, კაცების 10-17%-ის ცხოვრებაში დეპრესიული პერიოდი მინიმუმ ერთხელ მაინც დგება.

არსებული სტიგმებისა და სტერეოტიპების ფონზე, გენდერული ნიშნით განსხვავდება პრობლემაზე საუბრის მზაობაც – როგორც წესი, ქალებისთვის უფრო მარტივია დეპრესიაზე საუბარი და დახმარების თხოვნა, ვიდრე კაცებისთვის, თუმცა, ჩაკეტილ საზოგადოებებში, სტიგმები ორივე სქესის მიმართ ვლინდება.

მაგალითად, კაცების უმრავლესობა, სტიგმების შიშით, დეპრესიის სიმპტომების დამალვას ცდილობს, რომლებიც, შედეგად, სიბრაზეში, გაღიზიანებადობასა და აგრესიაში ვლინდება, როცა დეპრესიის მქონე ქალები, უმეტესად, სევდასა და წუხილს ავლენენ. ერთ-ერთი კვლევის მიხედვით, განსხვავებულია ფიზიკური სიმპტომებიც, მაგალითად, ქალები დეპრესიის ფონზე, უმეტესად, წონას იმატებენ, კაცები კი იკლებენ. ქალებისთვის დეპრესია, უფრო ხშირად, შფოთვასაც მოიცავს, კაცებისთვის – ობსესებსა და კომპულსიებს.

ამ დიაგნოზის მქონე კაცები, ხშირად, საყვარელი საქმიანობის, ოჯახისა და სამსახურის მიმართ ინტერესს კარგავენ და დეპრესიით გამოწვეული უძილობის განვითარების უფრო დიდი რისკის ქვეშ არიან. ზოგჯერ, მამაკაცებში დეპრესია ისეთი შენიღბული სიმპტომებით იჩენს თავს, რომელთაც, ერთი შეხედვით, ფსიქიკურ დარღვევასთან საერთო არაფერი აქვთ – წელისა და თავის ქრონიკული ტკივილი, აჩქარებული გულისცემა, კუჭნაწლავის სისტემის პრობლემები და სხვა. სტატისტიკურად, დეპრესიის დიაგნოზის მქონე ბევრი მამაკაცი ექიმს, თავდაპირველად, სწორედ ფიზიკური პრობლემების გამო მიმართავს და არა, მაგალითად, ემოციურისა.

ამას გარდა, კაცები უფრო მეტად არიან მიდრეკილნი მსგავსი პრობლემების ალკოჰოლითა თუ ნარკოტიკებით მოგვარებისკენ, ვიდრე ქალები. მნიშვნელოვანია ისიც, რომ, სტატისტიკურად, დეპრესიით დაავადებული კაცების ბევრად დიდი ნაწილი ასრულებს სიცოცხლეს სუიციდით, ვიდრე ქალებისა.

სუიციდის გარდა, დეპრესია კაცებისთვის უფრო საშიში იმის გამოცაა, რომ აშლილობა კარდიოვასკულარული დაავადებების გამწვავებაში დიდ როლს თამაშობს, კაცები კი, ქალებთან შედარებით, გულსისხლძარღვთა სისტემის პრობლემებს უფრო ხშირად და უფრო ადრეული ასაკიდან უჩივიან.

დეპრესიის სიმპტომები კაცებში

ცხადია, სიმპტომები ყველა შემთხვევაში ინდივიდუალურია, თუმცა, ზოგიერთი მათგანი საკმაოდ ფართოდაა გავრცელებული:

  • სიბრაზე, გაღიზიანებულობა და აგრესია
  • შფოთვა, მოუსვენრობა და აჟიტაცია
  • ოჯახის, სამსახურისა და გართობის მიმართ ინტერესის დაკარგვა
  • სექსუალური პრობლემები, ლიბიდოს გაქრობა ან ერექციული დისფუნქცია
  • კონცენტრირების უნარის დაკარგვა
  • მუდმივი დაღლილობა, უძილობა ან ძილიანობა
  • სუიციდური ფიქრები ან მცდელობები
  • ფიზიკური გამოვლინება – ტკივილი მკერდის, წელის ან თავის მიდამოებში
  • რისკიანი აქტივობების განხორციელება – სიჩქარის გადაჭარბება, გემბლინგი და სხვა
  • ალკოჰოლისა და ნარკოტიკების გადამეტებული გამოყენება
  • თვითიზოლირება

უნდა გავითვალისწინოთ, რომ დეპრესიის დიაგნოზის დასმისათვის აუცილებელი არ არის, მამაკაცი ყველა სიმპტომს ავლენდეს, ეს მხოლოდ გაფართოებული სიაა.

რა იწვევს დეპრესიას?

2017 წლის მონაცემებით, მსოფლიო მოსახლეობის 10.7%-ს – 792 მილიონ ადამიანს – ერთი ან მეტი მენტალური პრობლემა აწუხებს, რომელთაგან გავრცელების მასშტაბით მეორე სწორედ დეპრესიაა, იგი მხოლოდ შფოთვით აშლილობას ჩამოუვარდება.

ამის მიუხედავად, აშლილობის ზუსტი გამომწვევი მიზეზი არ ვიცით. შეგვიძლია, ვისაუბროთ სხვადასხვა ფაქტორზე, რომელიც ერთობლივად ან ცალ-ცალკე, დროის კონკრეტულ მონაკვეთში, ადამიანში დაავადების განვითარებას აძლევს ბიძგს:

  • გენეტიკური ფაქტორები – კაცები, რომელთა პირველი რიგის ნათესავს დეპრესიის დიაგნოზი აქვს, დაავადების რისკჯუფში იმყოფებიან და პირიქით, თუ მშობლებსა და ახლო ნათესავებში დაავადების ნიშნები არ ვლინდება – მისი განვითარების რისკი მნიშვნელოვნად იკლებს.
  • გარემო ფაქტორები – ფინანსური პრობლემები, საყვარელი ადამიანის დაკარგვა, ტოქსიკური ურთიერთობები, ძირეული ცვლილებები, სტრესული გარემო სამსახურსა თუ ოჯახში, შესაძლოა, მიდრეკილების მქონე მამაკაცში დეპრესიის ტრიგერი აღმოჩნდეს.
  • დაავადებები – დეპრესია ხშირად ახლავს თან სხვა სერიოზულ დაავადებებს, როგორიცაა დიაბეტი, სიმსივნე, გულის დაავადებები ან პარკინსონი. ზოგჯერ, ამ დაავადებების სამკურნალო პრეპარატები, გვერდითი ეფექტის სახით, დეპრესიის გამწვავებაში იღებენ მონაწილეობას.

 როგორ მკურნალობენ დეპრესიას?

დეპრესიის სამკურნალოდ, ძირითადად, ორი მეთოდია აღიარებული და გავრცელებული – ფარმაკოთერაპია და ფსიქოთერაპია. პირველი მეთოდი დაავადების მედიკამენტებით მართვას გულისხმობს, მეორე კი – თერაპიული ინსტრუმენტებით.

ფარმაკოთერაპია

მას შემდეგ, რაც ფსიქიატრი დეპრესიის დიაგნოზს დასვამს, იგი პაციენტს წამლებს უნიშნავს, ისევე, როგორც სხვა ნებისმიერი ექიმი. დეპრესიის სამკურნალო ყველაზე გავრცელებული მედიკამენტების ჯგუფი ანტიდეპრესანტებია, რომლებიც ტვინში კონკრეტული ჰორმონის რაოდენობის ზრდაზეა ორიენტირებული, მაგალითად, დეპრესიულ ადამიანებს სეროტონინის, იგივე, „ბედნიერების ჰორმონის“ ნაკლებობა აღენიშნებათ, რასაც ფსიქიატრი პრეპარატის საშუალებით მკურნალობს. ფსიქიატრები აქტიურად არიან ჩართული მკურნალობის პროცესში – თუ რომელიმე პრეპარატს პაციენტისთვის უსიამოვნო გვერდითი მოვლენები აქვს, ერთობლივი გადაწყვეტილებით, მხარეები მის სხვა წამლით ჩანაცვლებაზე თანხმდებიან. 

ანტიდეპრესანტების გვერდითი ეფექტებისა და მათი შემცირების გზებზე, უფრო დეტალურად შეგიძლიათ, წაიკითხოთ აქ.

ფსიქოთერაპია

ფსიქოთერაპევტები ადამიანის ქცევებს, ფიქრებს, ცხოვრების წესსა და კოგნიტურ აპარატს აკვირდებიან. როგორც წესი, თერაპიული მკურნალობა 45-55 წუთიან სეანსებად მიმდინარეობს, კვირაში ერთხელ ან რამდენჯერმე. სეანსების დროს ფსიქოთერაპევტი ეცდება, პაციენტის ფსიქოტიპი შეისწავლოს, მის ფიქრებს, ქცევებს, ცხოვრების წესს, ძილისა და კვების რეჟიმებსა და სხვა დეტალებს დააკვირდეს, რაც მათ პრობლემის მოგვარებაში დაეხმარებათ. 

ფსიქოთერაპიაში რამდენიმე განსხვავებული მიმართულება არსებობს, რომელთაგან ყველაზე პოპულარული კოგნიტურ-ბიჰევიორული თერაპია და ფსიქოანალიზია. მათ შესახებ უფრო დეტალურად, შეგიძლიათ, აქ წაიკითხოთ.

რატომ უჭირთ კაცებს დახმარების თხოვნა?

როგორც წესი, საყოველთაოდ გავრცელებული კულტურული წნეხის გამო, კაცები თავს ვალდებულად გრძნობენ, "კაცურად" მოიქცნენ, რაც, უმეტეს წილად, ტკივილისა თუ წუხილის დამალვაში და დახმარების ხელის უარყოფაში გამოიხატება. სწორედ ესაა მთავარი მიზეზი, რის გამოც დეპრესიის სიმპტომები, კაცებში, განსხვავებულად, ბრაზითა და გაღიზიანებადობით გამოიხატება. საქმე ისაა, რომ, ხშირად, კაცებმა არც იციან, რომ თავისა და სხეულის სხვა ნაწილის ქრონიკული ტკივილი, კუჭნაწლავის სისტემის პრობლემები და სხვა ფიზიოლოგიური ჩივილები სწორედ დეპრესიის ნიშნებია.

კულტურული წნეხის გარდა, რომლის საფუძვლები, ალბათ, აღზრდასა და საზოგადოებაში მიღებულ ნორმებში უნდა ვეძიოთ, კაცები დეპრესიაზე საუბარს პრაქტიკული მიზეზების გამოც ერიდებიან. მაგალითად, ისინი შიშობენ, რომ საკუთარ მენტალურ ჯანმრთელობაზე ღიად საუბარი სამსახურში, სამეზობლოში ან სამეგობროში მათ სუსტად და არასაიმედოდ წარმოაჩენს, რასაც, საბოლოოდ, გარიყვა მოჰყვება. სწორედ ამიტომ, დეპრესიის მქონე მამაკაცები უფრო დიდხანს, უფრო მძიმედ მუშაობენ და მოხალისეობრივ საქმიანობასაც ითავსებენ, რათა მაქსიმალურად დაფარონ დეპრესიული სიმპტომები.

როგორ დავეხმაროთ ახლობელ მამაკაცს დეპრესიული პერიოდის მართვაში?

ყველაზე მთავარი, რაც ამ დროს უნდა გვახსოვდეს, ისაა, რომ "კარგი, ადექი, რა გჭირს, მალე გაგივლის" არაფრისმომცემი, დამამცირებელი მოწოდებაა. დეპრესია მძიმე დაავადებაა, რომლის მიმდინარეობას, სიმძიმესა და ხანგრძლივობას ადამიანი ვერ აკონტროლებს.

ერთადერთი სწორი ნაბიჯი, რაც ამ დროს შეგვიძლია გადავდგათ, მისი წახალისებაა, რომ პროფესიონალს მიმართოს. როგორც უკვე ვთქვით, კაცებისთვის დეპრესიაზე არა მხოლოდ საუბარი, არამედ მისი სიმპტომების შენიშვნა და გაანალიზებაც კი რთულია. თუ ხედავთ, რომ რაღაც რიგზე ვერ არის, ჯობს, მას დაელაპარაკოთ და თუნდაც ოჯახის ექიმთან, ან ახლობელ ფსიქოთერაპევტთან მისვლა ურჩიოთ. აქვე ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ დაძალებით არაფერი გამოდის – ადამიანმა თავად უნდა მიიღოს მკურნალობის გადაწყვეტილება.

სხვადასხვა დახმარების აქტი, რომელთაც ყოველდღიურ ცხოვრებაში შეგიძლიათ მიმართოთ, არის:

  • მხარდაჭერის გამოხატვა, მოთმინება, შეგულიანება, რომ ყველაფერი რიგზე იქნება
  • მისი ყოველდღიური ვალდებულებების განაწილების შეთავაზება
  • სახლის საქმეების საკუთარ თავზე აღება მანამ, სანამ დეპრესიული ფონი მწვავეა
  • ყურადღებით მოსმენა და საუბარი
  • სუიციდური ფიქრების ან ფრაზების მიმართ ყურადღების გამოჩენა და პროფესიონალის საქმის კურსში ჩაყენება
  • დარწმუნება, რომ იგი ექიმისა თუ თერაპევტის რჩევებს ითვალისწინებს

დეპრესია მკურნალობას ექვემდებარება. მეორე მხრივ, სიმპტომების უგულებელყოფა აშლილობას მხოლოდ აუარესებს, რამაც, უკიდურეს შემთხვევაში, სუიციდამდე მივყავართ. უნდა გვესმოდეს, რომ პროფესიონალის დახმარების გარეშე, დამოუკიდებლად, ბევრს ვერაფერს შევცვლით, ამ უკანასკნელის ჩართულობით კი, დროთა განმავლობაში საკუთარ ფიქრებზე, ქცევებსა და ცხოვრებაზე სრული კონტროლის დაბრუნება შეგვიძლია. 

 

კომენტარები