დავითგარეჯის საქმე

ბოკერია კომისიაზე: კარგი იქნება მტკიცებულებები, რომ დავითგარეჯის საქმე შეთითხნილია

დიმა ჩიკვაიძე

ევროპული საქართველოს თავმჯდომარის, გიგა ბოკერიას შეფასებით, კარგი იქნება დროებითი საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის შექმნა დავითგარეჯის საქმეზე, რათა ოპოზიციამ მოიპოვოს მტკიცებულებები, რომ საქმე "მთლიანად შეთითხნილია" ქართული ოცნების ლიდერის, ბიძინა ივანიშვილისა და პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის მიერ. 

დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის ინიციატივით 5 მაისს სასამართლოში ივერი მელაშვილის უფლებების დამცველი, საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის (GDI) იურისტი, გიორგი მშვენიერაძე გამოვიდა

"ჩვენ კი ვიცით, რომ ეს ამბავი ივანიშვილის, ღარიბაშვილისა და მათი გარემოცვის შეთითხნილია, მაგრამ მტკიცებულებების მოსაპოვებლად კარგი იქნებოდა კარგი სამუშაოს ჩატარება კომისიის მხრიდან ამ საქმეზე, რათა უბრალოდ, ხელშესახები დოკუმენტები გვქონდეს, როგორ დაგეგმეს ეს სამარცხვინო, ამაზრზენი ტყუილი და სიძულვილის კამპანია. 

არ ვიცი, რამდენად მოხერხდება ეს ამ პოლიტიკური კლიმატის პირობებში. თუმცა, ამ კომისიის გამოყენება იმის არგუმენტად, თუ რატომ არის სწორი ოპოზიციის მხრიდან პარლამენტში შესვლა, შეცდომაა ყველა გულწრფელი ადამიანის მხრიდან და ამ კუთხით ნუ მიუდგებიან ამ ამბავს". – თქვა გიგა ბოკერიამ. 

ევროპული საქართველოს ლიდერი კიდევ ერთხელ გამოეხმაურა 4 მაისს დავითგარეჯის სამონასტრო კომპლექსის ტერიტორიაზე სასულიერო პირებისა და მოქალაქეების მხრიდან ივერი მელაშვილსა და მთავარი არხის გადამღებ ჯგუფზე თავდასხმას. გიგა ბოკერიას შეფასებით, "ეს სამარცხვინო ამბავი" იმ კამპანიის შედეგია, რაც ბიძინა ივანიშვილმა აწარმოა პოლიტიკური ოპონენტების დევნის მიზნით, რასაც "შეეწირა ორი აბსოლუტურად უდანაშაულო ადამიანის სიცოცხლის წლები". 

"ყველა შემდგომი ფაქტი, მიუხედავად იმისა, გვექნება, თუ არა კონკრეტული მტკიცებულებები, რომ ესა თუ ის თავდამსხმელი ასრულებდა დავალებას, არის ივანიშვილის რეჟიმის პასუხისმგებლობა და იმ შავრაზმული ძალების, რომელთან ერთადაც ივანიშვილის რეჟიმი ამ ამაზრზენ პროპაგანდას ეწევა მთელი ეს პერიოდია. აბსოლუტურად ფეხებზე ჰკიდიათ სიმართლის დადგენა, იმიტომ, რომ ვინც ჩახედულია, ყველამ იცის, რომ ამბავი მთლიანად მოგონილია და მთლიანად საარჩევნო ამოცანებისთვის, პუტინის რეჟიმის მსგავსად, პროპაგანდის ნიაღვრად იყო შექმნილი, მოგონილი და შემდეგ შეცდომაში შეიყვანეს ადამიანები". – ამბობს გიგა ბოკერია. 


ივერი მელაშვილსა და მთავარი არხის გადამღებ ჯგუფს სასულიერო პირები დავითგარეჯაში თავს 4 მაისს დაესხნენ. მათ ოპერატორს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს და კამერა დაუზიანეს. ივერი მელაშვილი ამბობს, რომ ხალხი, სასულიერო პირები შეცდომაში არიან შეყვანილი და ეს ხელისუფლების ბრალია. შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს. 

სასამართლომ 28 იანვარს საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის დემარკაციის კომისიის ყოფილი თავმჯდომარე და წევრი, ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა  20-20 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა. მათი გირაოს თანხა 2 საათში შეგროვდა. სასამართლომ პროკურატურის შუამდგომლობა ნაწილობრივ დააკმაყოფილა და ივერი მელაშვილი თანამდებობიდან გადააყენა. მოსამართლე ლელა კალოჩენკომ მიიჩნია, რომ  თანამდებობაზე ყოფნა საქმეში არსებულ ინფორმაციას უკავშირდება და არა მხოლოდ ანაზღაურებას.   

პროკურატურამ საქართველო-აზერბაიჯანის დემარკაციის კომისიის ექსპერტთა საბჭოს ყოფილი უფროსი ივერი მელაშვილი და კომისიის წევრი ნატალია ილიჩოვა 2020 წლის 7 ოქტომბერს დააკავა. მათ ბრალად "უცხო ქვეყნისათვის საქართველოს ტერიტორიის ნაწილის გადაცემისაკენ მიმართული მოქმედება" ედებათ. მათ ბრალის დამტკიცების შემთხვევაში ათიდან თხუთმეტ წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.

პროკურატურის მტკიცებით, ბრალდებულებმა რუკის ალბომებში სახელმწიფო საზღვრის გავლებისას განზრახ გამოიყენეს ისეთი კარტოგრაფიული მასალა, რომელიც ისტორიულად და სამართლებრივად არ ემყარებოდა და არ ასახავდა საქართველოს სახელმწიფოს რეალურ პოზიციას მის კუთვნილ ტერიტორიებთან დაკავშირებით.  

20 აპრილს ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვას საქმე GDI-მ სტრასბურგში გაგზავნა

კომენტარები